მითხრა, ემზარ, ჩიხში ვართ შეყვანილი და რა გავაკეთოთ? მიშველე რამე! მე ვუთხარი…

ჩვენი სპეცსამსახურები და მათთან ერთად, კახა თარგამაძე შეეცადა, რომ კოდორის მისადგომებთან 500 კაცი გადმოესროლათ, ეს იყო კოდორის ხეობის ჩაბარების მცდელობა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

ამ განცხადებით ემზარ კვიციანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ მოხვდა პანკისიდან კოდორში ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი ხამზარ რუსლან გელაევის ხელმძღვანელობით 2001 წელს.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, უნდოდა თუ არა კოდორის ხეობის ჩაბარება ედუარდ შევარდნაძესაც, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძეს ეს არ უნდოდა და რომ სდომებოდა, ამას გააკეთებდა.

„შევარდნაძემ ნახა ერთადერთი წერტილი ისეთი, სადაც მას არ ღალატობდნენ და ბოლომდე მიუშვა ეს თავისუფლად. კახა თარგამაძე სხვა დავალებით შემოვიდა, რა თქმა უნდა, რუსეთის, სადაც მის შემდეგ კარგად გრძნობს თავს. იმ პერიოდში ასეთნაირად იყო – ჩეჩნები უნდა შემოსულიყვნენ და ჩემთვის და დავით თევზაძისთვის უნდა დაებრალებინათ, თითქოს, თავდაცვამ და კვიციანმა გადაიყვანეს. ამ დროს კი ჩვენ არანაირი საშუალება არ გვქონდა, ესენი გადაგვეყვანა და ყველა შსს-ს მანქანებით იყო გადაყვანილი“, – განაცხადა კვიციანმა.

როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, კახა თარგამაძემ, ვალერი ჩხეიძემ და ავთანდილ იოსელიანმა უშიშროების საბჭოში უთხრეს, რომ ჩეჩენი მებრძოლები თავიანთ სამშობლოში წაეყვანა, რადგან მან უღელტეხილები კარგად იცოდა.

„მონადირეების მეტი რა არის საქართველოში, მაგრამ მაგათ უნდოდათ, რომ ჩეჩნებთან ერთად მეც გავენადგურებინე და მერე, იმ მიზეზით, რომ კოდორის ხეობაში ტერორისტები არიან, ხეობა რუსებს დაებომბათ და შემდეგში ჩაბარებულიყო კოდორის ხეობა. მით უმეტეს, ოთხმხრივი ხელშეკრულება არსებობდა მოსკოვის, 1994 წლის 14 მაისის, სადაც ხელს აწერდა საქართველო, აფხაზები, რუსები და გაერო“, – განაცხადა კვიციანმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ის რუსლან გელაევთან ჩავიდა, გაიცნო, მისი მიზნები გაიგო და ყველაფერს მიხვდა, რომ ღალატს ჰქონდა ადგილი.

„მერე ჩამოვედი და შევხვდი პრეზიდენტს. სხვათა შორის, პრეზიდენტთან არ მიშვებდნენ. ბოლო სამი თვე ვერაფრით ვახერხებდი შევარდნაძესთან შეხვედრას, მაგრამ ჯიქურ მივედი და შევხვდი. ბატონი ედუარდი ძალიან ცუდად შემხვდა. მას თითქმის სჯეროდა, რომ ეს ჩეჩნები ჩემი გადაყვანილი იყო იქ. მერე რაღაცები, დეტალები რომ ავუხსენი, თვითონაც მიხვდა, რომ ისე არ იყო, როგორც თავისი მინისტრები მოახსენებდნენ“, – განაცხადა კვიციანმა.

როგორც ემზარ კვიციანმა განაცხადა, დაძაბული საუბრის შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე მიხვდა, რომ ქვეყანა უკვე შარში იყო გახვეული და ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინათ.

„მითხრა, ემზარ, ჩიხში ვართ შეყვანილი და რა გავაკეთოთ? მიშველე რამე! მე ვუთხარი, ბატონო პრეზიდენტო, თუ მე წავედი, ჩემ თავზე ავიღებ და ისე მოვიქცევი, როგორც მე ჩავთვლი საჭიროდ, ცენტრიდან ბრძანებისა და ყოველგვარი მითითების გარეშე, ჩვენს ქვეყანას სისხლისღვრას და ყველაფერს ავარიდებ და ამ ხალხს თავის ადგილას ისევ დავაბრუნებ მეთქი. სხვათა შორის, მაშინვე ვუთხარი, იქიდანვე დავაბრუნოთ პანკისში-თქო, მაგრამ არაო, მითხრა. არ შეიძლება, კახეთს დავკარგავთო“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე აქციის დროს დაკავებულები სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ვაკის პოლიციაში მოინახულა
შემდეგი სტატიაჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული 6 ადამიანი გაათავისუფლეს