ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით და არ მგონია, იგივე იყოს მეორე მხარეს – იმ ოქროს ზოდებს და სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს. მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი? – ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სპეცრაზმელ იოსებ როსტიაშვილს.
გდდ-ს თანამშრომელმა, იოსებ როსტიაშვილმა, რომელიც დღევანდელ პროცესზეც მოწმის სახით დაიკითხა, თქვა, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებდნენ, რომ მათ მხარეს გადასულიყვნენ, ეს კი მან შეურაცხმყოფლად მიიჩნია. პაატა მანჯგალაძემ აღნიშნულ განცხადებასთან მიმართებით მოწმეს შემდეგი შეკითხვა დაუსვა.
„თქვენ თქვით, რომ „ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფა!“დაზუსტება მინდა, ეს აღქმა თქვენ აქციების დროს ჩამოგიყალიბდათ, თუ რამე სპეციალური პოლიტიკური გადამზადების კურსია, სადაც ამას გიტარებენ?
პოლიციელი ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსი ანგრევს ქვეყანასო. მე პოლიტიკოსი ვარ ამბიცია მაქვს, ქვეყნის უკეთეს მომავალზე. მარტო ჩემი შვილების კი არა, თქვენი და „ქართული ოცნების“ შვილების უკეთესი მომავლისთვის მაქვს პრეტენზია და თქვენი ეს განცხადება, რას ეფუძნება პაატა მანჯგალაძესთან მიმართებით ან ნებისმიერ ჩვენგანთან მიმართებით?
თუ შეგიძლიათ ამიხსენით, რაში გამოიხატება ჩემი მხრიდან მომავლის დანგრევა? ქვეყნის უკეთესი მომავალი, დემოკრატია და ევროპა რომ მინდა, ამაში გამოიხატება? ჩვენ თქვენი შვილების მომავლისთვისაც ვიბრძვით და არ მგონია იგივე იყოს მეორე მხარეს – იმ ოქროს ზოდებს და სეიფში დამალულ მილიონებს თქვენი შვილებისთვის არავინ აგროვებს, ნამდვილად. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ გვინდა ეს რადიკალიზება და მხარეთა პოზიციის ჩამოყალიბება, რომ რადგან ადამიანი აქციაზე არის, ის არის ქვეყნის დამანგრეველი. არ შეიძლება ასეთი პოლიტიზება პოლიციის. თქვენ პოლიციის ფიცი გაქვთ დადებული. პოლიციაც მოქალაქისთვის არსებობს, ხელისუფლებაც მოქალაქისთვის არსებობს. მითხარით, ვინ ჩამოუყალიბა ის აზრი პოლიციელს, რომ პაატა მანჯგალაძე არის ქვეყნის დამანგრეველი?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
















