სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის და ბრიტანეთის მოქმედი ელჩის გარეტ უორდის სახელით ყალბი ანგარიშები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას “მითების დეტექტორი” ავრცელებს.
რობინ დანიგანის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 3 აპრილს არის რეგისტრირებული, 27 აპრილის მონაცემებით 2,5 ათასი მიმდევარი ყავს, გარეტ უორდის Facebook პროფილს, რომელიც 12 აპრილს არის დარეგისტრირებული კი 27 აპრილის მონაცემებით – 1 300 მიმდევარი.
პროფილების არაავთენტურობა “მითების დეტექტორს” საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოებმაც დაუდასტურეს.
ანგარიშების საეჭვოობაზე შემდეგი გარემოებები მიუთითებს: ორივე პროფილი აპრილის თვეშია შექმნილი და ორივეს “ჩვენს შესახებ” განყოფილებაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვს მითითებული. რობინ დანიგანს Linkedin პროფილზე მითითებული აქვს, რომ გადამგარი ელჩია, ხოლო ახლადშექმნილ Facebook-სა და telegram არხზე ის მოქმედ ელჩადაა მითითებული, Facebook-ის პროფილი კი მხოლოდ საქართველოში ამერიკის საელჩოს პოსტებს აზიარებს.
,,რობინ დანიგანის სახელით შექმნილი პროფილი ძირითადად საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქის პოსტებს აზიარებს, რაც ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მით უფრო მაშინ, როცა დანიგანი სოციალურ მედიაში არც მაშინ იყო აქტიური, როცა ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2025 წლის 5 ივნისს კი ის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით პენსიაზე გასვლას აპირებდა.
ბრიტანეთის ელჩის ფეისბუქზე კი პოსტები საერთოდ არ იძებნება. ორივე დიპლომატის საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში რუსული telegram არხის ბმული აქვთ მითითებული, რომლითაც მათთან კომუნიკაციაა შესაძლებელი და რომელიც მათ არ ეკუთვნით. კიბერუსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლელმა დიპლომატებმა რუსული telegram არხი საჯარო კომუნიკაციისთვის გამოიყენონ.
აღსანიშნავია ისიც, რომ რობინ დანიგანის Linkedin-ის გვერდზე მითითებული აქვს, რომ ის გადამგდარი ელჩია, ხოლო telegram-სა და Facebook-ზე ის მოქმედ ელჩად არის მოხსენიებული”,- წერს მითების დეტექტორი.














