მეუფე ზენონი (იარაჯული) კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე საუბრობს. სასულიერო პირი, ტერიტორიაზე, სადაც არაბული კომპანია Eagle Hills მშენებლობას გეგმავს, ამბობს, რომ ეს პროექტი თბილისისთვის ეკოლოგიურად დამაზიანებელი იქნება.
ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს ყველაზე ძლიერ არგუმენტს – წერს სოციალურ ქსელში მეუფე ზენონი.
კრწანისის ტყე- პარკი წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას, რაც სრულიად საკმარის მიზეზს წარმოადგენს იმისათვის, რომ ამ ტერიტორიაზე არ იქნას დაშვებული ურბანული განაშენიანება. თავის დროზე ეს ტყე- პარკი შემოდიოდა საპატრიარქოს იმ დეპარტამენტში რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი მრავალი წლის წინ და იგი სწორედ მისი ბუნებრივი დანიშნულების გათვალისწინებით გადმოეცა საპატრიარქოს. რომ ტყე- პარკის ტერიტორიაზე არ წარმოქმნილიყო ურბანული განაშენიანება და დაცულიყო ტყის მასივი.
თბილისისათვის მისი ეკოლოგიური და სასიცოცხლო მნიშვნელობა სრულიად საკმარისი არგუმენტია რათა საზოგადოებამ შეძლოს მისი დაცვა. ამ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს ყველაზე ძლიერ არგუმენტს. გონიერება ამ მოტივაციის მიხედვით უნდა იჩენდეს პრინციპულობას და ტყე- პარკის ეკოსისტემის ფაქტორზე აკეთებდეს აქცენტს”- წერს მეუფე.
Eagle Hills საქართველოსთან შეთანხმებით ორი დიდ მასშტაბის დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავს:
• თბილისი, კრწანისი – „ახალი მწვანე ქალაქი“ (600 ჰექტარი)
დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, გასართობი სივრცეები, კვების ობიექტები და სხვა ინფრასტრუქტურა.
• გონიო – ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი)
პროექტი მოიცავს იახტ-კლუბს, პრემიუმ სასტუმროებს, არეალს მდიდრული საცხოვრებლებისთვის და დანარჩენ კომერციულ ინფრასტრუქტურას.
„იგლ ჰილს საქართველო“ 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელია UAE-ში რეგისტრირებული Jaona Investment LLC, რომლის დამფუძნებელია მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის დირექტორია ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.
















