მიშელი: საქართველოში როდესაც ვიმყოფებოდი, დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობის შესაძლებლობა

კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად თანმიმდევრულები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 2021 წლის ბერლინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დიპლომატია ასევე ნიშნავს შესაძლებლობების გამოყენებას. გასულ გაზაფხულს, როდესაც ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში ვიმყოფებოდი ვიზიტით, მე დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის შესაძლებლობა. ანალოგიურად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ჩემი კონტაქტის შემდეგ, ევროკავშირმა შეძლო ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის შემდგომი შეთანხმების მისაღწევად შუამავლობა. ევროკავშირს შესასრულებელი აქვს როლი, მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ამბობენ, რომ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა გლობალური ძალის როლი აიღოს საკუთარ თავზე.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი, ხშირად მოულოდნელი, გარე მოთამაშეებზე გავლენის მოსახდელად. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბევრად ძლიერები და ეფექტიანები, თუ ვიქნებით უფრო პრაგმატულები და თანმიმდევრულები. არსებობს კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად თანმიმდევრულები. ევროკავშირის პოლიტიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, განვითარება, კონკურენცია, სამეზობლო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებები, ხშირად იმართება იზოლირებულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად“, – დასძინა შარლ მიშელმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან ხაზი გაუსვა მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობას
შემდეგი სტატიაკაკაბაძე კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მიმართავს: მოგიწოდებთ, რომ თქვენი განცხადებები დააფუძნოთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა უფრო ფართო წრისგან მიღებული ინფორმაციების ანალიზს