„მიშას ვუთხარი, ნაძირალა ხარ!“ – უცნობი ფაქტები ელისო კილაძის ცხოვრებიდან (ნაწილი პირველი)

(ნაწილი პირველი)

eliso-kilaze

“თაიმერის” ექსკლუზივი!

ზოგს მისი სჯერა, ზოგს – არა, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია: მხოლოდ დღევანდელობაზე კი არა, წარსულზეც აურაცხელ ინფორმაციას ფლობს, ანუ მარტივად რომ ვთქვა, საინტერესო რესპოდენტია, თან წინამდებარე ინტერვიუში ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობს, რაზეც აქამდე არასოდეს ულაპარაკია. ასე, მაგალითად, დღეს პირველად გაიგებთ, თუ რისი ეშინია, რაში სთავაზობდა თავის დროზე „რუსთავი 2“ მის 13 წლის ვაჟს 5 ათას დოლარს და 14 წელია, რა ფარულ ჩანაწერს ინახავს „ქრონიკა+“-ის მთავარ რედაქტორი? მაშ, ასე: გზა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის რადიომაუწყებლობის რედაქციიდან სკანდალებამდე, ანუ  უცნობი ფაქტები ელისო კილაძის ცხოვრებიდან (ნაწილი პირველი).

 

– ელისო, მოდი, საუბარი შორიდან დავიწყოთ და გაიხსენე, ჟურნალისტიკაში როგორ მოხვედი, ანუ საზოგადოებას ისეთი ელისო კილაძე დაანახე, რომელიც არ ჩხუბობს…

– (იღიმება) კი ბატონო… სხვათა შორის, ხშირად არ ვჩხუბობ…

ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ქალაქი სიგიჟემდე მიყვარს და მინდა აქაური“ძირძველი“ ხოხბები დავამშვიდო  სიბერეში აუცილებლად დავბრუნდები… ძალიან ცელქი და ჯიუტი ბავშვი ვიყავი – სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი და არაგოგურ რაღაცებს ვაკეთებდი. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ „ხუთოსანი“ ვიყავი, „შატალოზე“ დავდიოდი. შეიძლება, ჩემს თანაკლასელ ბიჭებს ამის გამხელა არ ესიამოვნოთ, მაგრამ მაშინ ე.წ. ბავშვთა ოთახი სკოლაში რეიდებს ატარებდა ხოლმე და ბიჭებისთვის რამე რომ არ აღმოეჩინათ, მათი დანები და „მარიხუანა“ სულ ჩემს ჩანთაში ინახებოდა…

ბავშვობაში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რომელიც დღემდე არ მავიწყდება, „ანა კარენინამ“ მოახდინა – მაშინ მე-7 კლასში ვიყავი . ამ ქალის უცნაურ სიყვარულზე  ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. მახსოვს, ისტორიის მასწავლებელიც დავაბნიე, რომელსაც გაკვეთილზე ვკითხე, რას ნიშნავს, რუსეთი ემანსიპაციამ დაღუპა-მეთქი…

საერთოდ, ბავშვობიდან ბევრს ვკითხულობდი… ჩემი დედულეთი ქუთაისის ისტორიული უბანი მწვანეყვავილაა, სახლში  ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა, არავინ მაკონტროლებდა და ბავშვისთვის შეუფერებელ ლიტერატურას ვკითხულობდი – ყველა კლასიკოსი მე-8-მე-9 კლასამდე წავიკითხე, რის გამოც მხედველობის პრობლემა შემექმნა. სათვალის ტარების კომპლექსი მქონდა , თუმცა ამ კომპლექსის დაძლევა მოვახერხე. მხედველობის პრობლემა კი, დღემდე მაქვს…

– მხედველობის გარდა, სხვა კომპლექსებიც გქონდა და გაქვს?

– კი, მშიშარა ვარ.

– არ მჯერა!

– დაუჯერებელია, მაგრამ კატებისა და კბილის ექიმის მეშინია.

– ესე იგი, ჩიტმა ინფორმაციები რომელიმე ცნობილ კბილის ექიმზე რომ მოგიტანოს, შეგეშინდება და არ გაასაჯაროებ?

elisoooo

– (იცინის) ბავშვობაში მინდოდა, რომ მსახიობი გამოვსულიყავი – სცენა და აპლოდისმენტები მომწონდა. პირველი საგაზეთო წერილიც თეატრზე დავწერე – მოსწავლეობისას გაზეთ „ ქუთაისის“ შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი. რასაც ახლა გეტყვი, გაგიკვირდება და, ალბათ, გაგეცინება კიდეც.

– ასეთი რა უნდა მითხრა?

– გაზეთ „ქუთაისის“ რედაქტორი სპარტაკ ქობულია იყო და ჩემი პირველი წერილი სწორედ მან დაბეჭდა… ისე, მამაჩემს ძალიან უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. საერთოდ, მამა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი მოგონებაა. ის უცნაურად გარდაიცვალა და ახლა გადავწყვიტე, მოვყვე… მოკლედ, 1986 წელია, მეათე კლასში ვარ, ოქროს მედლის კანდიდატი…

– კომკავშირელი იყავი?

– კი, მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარეც ვიყავი, ბანაკებში დავდიოდი და მთელი ამბები…

– ერთი სიტყვით, კომუნისტური წყობის გჯეროდა?

– ალბათ… პარტიაში შესვლა ვერ მოვასწარი – ეროვნული მოძრაობა დაიწყო… მოკლედ, მედლის სამი კანდიდატი ვიყავით. პირველი სემესტრი სამივემ „ხუთებზე“ დავხურეთ, მეორე სემესტრიდან კი, გაუთვალისწინებელი პრობლემები დაიწყო, რაც ფულთან იყო დაკავშირებული – ოქროს მედლის მიღებაში ოჯახს 10 ათასი მანეთი უნდა გადაეხადა. არ დავმალავ: მამა კარგ თანამდებობაზე მუშაობდა და ჩვენი ოჯახი ეკონმიკურად სუსტი არ იყო, მაგრამ… ქართულის კარგი მასწავლებელი არ მყავდა. სამაგიეროდ, მერე გამიმართლა და არაჩვეულებრივ ლიტერატორ მარი ხვედელიძესთან მოვხვდი.

– ხვეელიძის გვარი შენს ცხოვრებაში, როგორც ვატყობ, ძალიან მნიშვნელოვანია…

– მესმის, რასაც გულისხმობ. სხვათა შორის, დედამთილიც ხვედელიძე მყავს…

მეორე არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მამის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა, გია მურღულია იყო… თუ ლიტერატურაში რამე გამეგება, სწორედ გია მურღულიას დამსახურებაა.

deda-mama-kilaZeebi

მოკლედ, მეათეკლესლმა გოგომ განათლების მაშინდელ მინისტრ ნათელა ვასაძეს წერილი მივწერე, „ბუნტოვშიკი“ თავიდანვე ვიყავი – იქნებ, მედლის კანდიდატებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში წერის გამოცდა ცალკე ჩაატაროთ-მეთქი. გაგიკვირდება და, მინისტრმა მიღებაზე დამიბარა… ვილაპარაკეთ… მედლის კანდიდატებისთვის ქართული ენსა და ლიტერატურაში წერის გამოცდა, მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, მართლაც, ცალკე ჩატარდა და „ხუთიანი“ მივიღე,  სკოლის ატესტატში ყველა საგანში „ხუთიანი“ მიწერია, ქართულში კი – „სამი“ და ასე იმიტომ მოხდა, რომ ოქროს მედალი არ ამეღო.

– ეს პირველი უსამართლობა იყო, რომელსაც შეეჯახე?

– ეს უსამართლობაზე საშინელება იყო, რადგან მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი – ბოლო ორი თვე პედაგოგებთან თბილისში უნდა მემეცადინა, მაგრამ თბილისში წამოსვლის წინა ღამეს, ყველაფერ იმის გამო, რაც მოგიყევი, მამაჩემი მოულოდენლად, გულის ინფრაქტით გარდაიცვალა… უცებ აღმოვაჩინე, რომ რაღაც ერთი ცხოვრება დამთავრდა – მამასთან გამორჩეული ურთიერთობა მქონდა, რაც ჩემმა ძმამ ვერ მოასწრო – მამა რომ გარდაიცვალა, ის მეექვსე კლასში იყო. ყველა აღნიშნავს, რომ რაღაც კაცური ხასიათი მაქვს – სიტყვას ვიცავ, საიდუმლოების გათქმა არ მჩვევია და ურთიერთობაშიც ყოველთვის კეთისლინდისიერი ვარ, ანუ ყველაფერი ეს მამამ მასწავლა…

da-zma-kilaze

 

დედაჩემი რომ დაქვრივდა, 36 წლის იყო და, პირდაპირ ვიტყვი, არნახული გმირობა გამოიჩინა – ორი შვილი გაზარდა და გზაზე დააყენა. გია მურღულიას გარდა, რომელიც ორი თვე მამეცადინებდა და ჩემი განათლება სისტემაში მოიყვანა, კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომლის წინაშეც მთელი ცხოვრება დავალებული ვარ. მათ შორისაა სანდრო ბრეგაძის მამა, ანზორ ბრეგაძე, რომელიც თან გადამყვა და, ასევე, ფისოლოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაშინდელი დეკანი ოთარ გაბიძაშვილი…

იცი, კიდევ რისი კომპლექსი მაქვს? – ძალიან არ მიყვარს ქუთაისური ქარი და ეს ჩემი ბავშვობის მეორე კოშმარული მოგონებაა.

– რატომ?

– დედაჩემიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე – წისქვილკომბინატის ლაბორატორიაში მუშაობდა და მისი ხელმოწერის გარეშე, ფქვილის ხარისხი არ მოწმდებოდა და პური ვერ გაიყიდებოდა. ამიტომ, ზოგჯერ მუშაობა ღამეც უწევდა. შინ მე და ჩემი ძმა ვრჩებოდით ხოლმე. წინა ეზოში, მეზობელს ფანარი ეკიდა. მართალია, სქელ ფარდას ვაფარებდი, მაგრამ ქარი ფანარს არხევდა და ამის ძალიან მეშინოდა, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ეპიზოდს და ჩემს ფანტაზიებს ჰგავდა, რაც ალბათ, ბევრი კითხვის გავლენა იყო… ვცდილობდი, ჩემს ძმას ეს შიში არ შეემჩნია… დღესაც, როცა ქარია, სწორედ ეს მახსენდება…

bebia-kaladze

ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკიბილი მოგონებები ბებიებს უკავშირდება – გითხარი, მწვანეყვავილაზე გავიზარდე-მეთქი. ეს ებრაელების უბანია და მეზობლებს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ… დედაჩემის ბებია ძალიან მორწმუნე იყო, რომელსაც მეუღლე 1968 წელს გარდაეცვალა, თვითონ კი, 1986 წელში დაიღუპა, მაგრამ ქმარს ისე გლოვობდა, რომ ბამბის შავი „ჩულქი“ არ გაუხდია… ბებიას ოთახში ვიწექი და ხშირად მისი ლოცვა მაღვიძებდა. საერთოდ, ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე… ბებიის პანაშვიდზე უცნობი ლეკი მამაკაცი მოვიდა და ტიროდა. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ქუთაისში ოქრომჭედელ აბდულას ყველა იცნობს, რომელიც თავის დროზე ჩვენს მეზობლად ნაქირავებში ცხოვრობდა და ბებიაჩემს ხელობის სასწავლებლად, თურმე, ფული მიუცია… მოკლედ, ბებიას საფლავში თავისი გაკეთებული ბეჭედი ჩააყოლა… ჩვენს სახლში ასეთი სიკეთე ყოველთვის ტრიალებდა და ვცდილობ, ჩემს შვილიშვილ ლიაზასაც ის ვასწავლო, რასაც ბებია მასწავლიდა, რადგან ადამიანური ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია…

ადრე გავთხოვდი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გამიმართლა – ხშირად ადრე შექმნილი ოჯახები ინგრევა ხოლმე, მაგრამ 28 წელია, ერთი ქმარი მყავს, თუმცა ჩვენს შორის ბევრი წინააღმდეგობა არსებობდა. ის წარმატებული იურისტი იყო, პოლიციის მაღალჩინოსანი, მე – ჟურნალისტი. ოჯახში ორი წარმატებული ადამიანი ერთმანეთს რთულად ეგუება. როცა 90-იან წლებს ვიხსენებ, მიკვირს, როგორ ვცხოვრობდით – წყალი, დენი, გაზი არ იყო. ისიც მაშინდელი კომპლექსია, რომ დღესაც  მგონია, შეიძლება, წყალი დაწყდეს და „ბაკი“ დაიცალოს, ამიტომ, ჩემს სახლში მოშვებულ ონკანს ვერასოდეს ვერავინ ნახავს…

პირველი შვილი 1989 წელს შემეძინა, თან მუშაობა საავტომობილო ქარხნის რადიომაუწყებლობის რედაქციაში დავიწყე, რომელიც ცალკე სამყარო იყო…

– ელისო, მონოლოგი რომ არ გამოვიდეს, ჩაგეკითხები ხოლმე: მაშინ ფიქრობდი, რომ ოდესმე სკანდალური ჟურნალისტი გახდებოდი?

– არა…

– ანუ, ჩვეულებრვი ჟურნალისტი იყავი – დადიოდი სამსახურში, ქმარ-შვილს უვლიდი, ხაჭაპურს აცხობდი…

– (იღიმება) ხაჭაპურის გამოცხობა არ ვიცი…

– ესე იგი, შენი სკანდალურობა დრომ მოიტანა?

– დრომაც მოიტანა და გამიმართლა კიდეც – ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც რაღაცას მასწავლიდნენ და თან მათამამებდნენ… მართალია, თავისუფლების სიო უკვე ქროდა, მაგრამ მაინც სხვანაირი მენტალობა არსებობდა, ავტოქარხნის რადიომაუწყებლობის რედაქცია კი, „თავისუფლების კუნძული“ იყო -ამის გარანტი კი, რადიოს მაშინდელი რედაქტორი მანანა კვენეტაძე გახლდათ. მე და შოთა ხარძეიშვილი „პიკის სათის“ სტილის გადაცემას – „ოთხშაბათიდან ოთხშაბათამდე“ „ვაკეთებდით“. სხვათა შორის, ჩემი მთავარი საპროტესტო ამბები სწორედ აქედან დაიწყო: საავტომობილო ქარხანაში კომკავშირის მდივნის არჩევნები ტარდება, საშინელი ჩაწყობა და უბედურებაა, რაზეც გაზეთ „ქუთაისში“ წერილი გამოვაქვეყნე. ამაზე საავტომობილო ქარხნის პარტიულმა კომიტეტმა მიპასუხა, ასე არ ხდება, გადაჭარბებულია, მუშათა კლასში ყველაფერი კარგადააო. მახსოვს, ამ საპასუხო წერილში ასეთი ფრაზა ეწერა, წერილს ტიტულს  ორი ვინმე არ აწერს – მელორ სტურუა და ელისო კილაძეო. ალბთათ, ჩათვალეს, რომ ამით შეურაცხყოფა მომაყენეს, მაგრამ ეს ჩემთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო, რადგან დამწყები ჟურნალისტი მელორ სტურუას შემადარეს…

მესამე კურსზე უკვე გაზეთ „ქუთაისის“ ჯერ შტატიანი კორესპონდენტი, შემდეგ კი, განყოფილების რედაქტორი ვიყავი… 1998 წელს, „ქუთაისის“ მაშინდელმა რედაქტორმა ალექსანდრე შენგელიამ გამათავისუფლა, არადა, ბიულეტინზე ვიყავი. ამის გამო, სასამართლომ აღმადგინა და შენგელია იძულებული გახდა, სამსახურში დავებრუნებინე. სხვათა შორის,მაშინდელი ბრძანებები  შენახული მქონდა და ახლა გამომადგა, როცა რაღაცებს მაბრალებდნენ…

პირველი დიდი სკანდალი, რომელიც მთელმა საქართველომ გაიგო, 1996 წელს უკავშირდება: ქუთაისის მაშინდელმა მერმა, თემურ შაშიაშვლმა მასშტაბური პროქტები დაიწყო, „ბაგრატის აღორძინების ფონდიც“ შეიქმნა. ყველაფერ ამას წინააღმდეგობები მოჰყვა და „ბაგრატის აღორძინების ფონდში“ კონტროლის პალატა შევიდა, რომლის ხელმძღვანელიც იმხანად დემურ გიორხელიძე იყო. ამ დროს მეორე შვილი უკვე მყავდა, დეკრეტში ვიყავი და დღე-დღეზე სამსახურში უნდა გავსულიყავი… სრულიად ქართული ჟურნალისტიკა „ბაგრატის ფონდის“ შემოწმების მასალებზე ნადირობს – კონტროლის პალატა არ იძლევა… გაზეთ „ქუთაისის“ პარალელურად, „7 დღეშიც“ ვმუშაობდი, რომლის რედაქტორიც ზვიად ქორიძე იყო…

– მოკლედ, კონტროლის პალატის მასალები „7 დღეში“ გამოაქვეყნე?

– დიახ . ორივე ადამიანი, ვინც ამ მასალების მოპოვებაში დამეხმარა, გარდაცვლილია და ამდენი წლის მერე მათი  ვინაობის დასახელება შემიძლია: ერთი მამაჩემის მეგობარი, ტრანსპორტის პოლიციის ხელმძღვანელი მერაბ შენგელია, მეორე კი, ქუთაისის საპასპორტოს უფროსი მურთაზ კირთაძე იყო.

– ამ ადამიანებს შენ სთხოვე, რომ მასალები მოეცათ თუ თვითონ მოგცეს?

– ვთხოვე და „7 დღეში“ წერილი – „ბაგრატის ფონდის საიდუმლოებანი“ გამოქვეყნდა. ყველაზე სრულყოფილი მასალა, დოკუმენტების თანხლებით, ჩემი ექსკლუზივი იყო.

მოკლედ, სკანდალები, ასე თუ ისე, არასოდეს მაკლდა, მაგრამ ყველაზე ძალიან 1992 წელს გაკეთებული მასალა მომწონს, როცა ზუგდიდში წავედი. არ დავმალავ: იმ ჟურნალისტების რიცხვში ვიყავი, ვინც ტელევიზიის კიბეზე ისხდნენ და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას პროტესტს უცხადებდნენ…

მოკლედ, სახელმწიფო გადატრალება ახალი მომხდარია და 1992 წლის 17 მარტს, ზუგდიდში მოლაპრაკების ჯგუფი წავიდა, რომელსაც მე, ოპერატორი დათო მირზაშვილი და კიდევ ერთი ჟურნალისტი გავყევით. მართალია, ჩემი პოზიცია იცოდნენ, მაგრამ გაგვიმართლა და კარგი მასპინძელი დაგვხვდა – თბილისელი საშა ჯიმშელეიშვილი, რომელიც ზუგდიდის კომენდანტი იყო, თუმცა არ ვიცი, ახლა ცოცხალია თუ არა. აფხაზეთის ომის დროს, საშა ქუთაისში ვნახე და მას მერე მისი ასავალ-დასავალი აღარ ვიცი… საშამ მითხრა, თუკი ყველაფერს ობიექტურად დავწერდი, მაჩვენებდა, რაც ზუგდიდში ხდებოდა, რაც „მხედრიონმა“ დაატრიალა დ ზუგდიდის ციხეშიც შემიყვანდა, სადაც ქუთაისის ბატალიონის დატყვევებული წევრები ჰყავდათ. ეს შენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ტესტიაო, – მითხრა საშა ჯიმშელეიშვილმა და, მართლაც, ყველაფერი მაჩვენა… წერილში – „ზუგდიდი, 17 მარტი“ ყველაფერი დეტალურად აღვწერე. არ ვიცი, ამ ადამიანმა ეს წერილი ნახა თუ არა, მაგრამ ვამაყობ, რომ პირობა დავიცავი…

2002 წელს, „ქუთაისის პრესის სახლის“ დირექტორი გავხდი და ესეც ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო.

– რატომ?

– ამ შენობაში ჟურნალისტითა სახლი უნდა ყოფლიყო, მაგრამ ვიღაცების ფინანსურ ინტერესებს ვეჯახებოდით და მძიმე გზით წავედით.

– მოდი, ეს თემა გაშალე…

– საუბარი იყო, რომ ამ შენობის ხელში ჩაგდება ტარიელ ონიანის ნათესავებს უნდოდათ. ამის გამო, ქალაქის მაშინდელმა მერმა, გიგა ჩოგოვაძემ ფინანსური პოლიცია გამომიგზავნა, რომელიც 6 თვე მამოწმებდა.

– „პრესის სახლი“ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო?

–  შ.პ.ს იყო და ფინანსები ტრიალებდა – გარკვეული ფართები უკანონოდ, იჯარით ჰქონდა გაცემული. ტარიელ ონიანის ნათესავებს შენობის  ყიდვაზე არ დავთანხმდი. ქალაქის მერს კი, ფული აღებული ჰქონდა და ვიდრე არ დამიჭერდნენ, შენობა ვერ გაიყიდებოდა… 6 თვე მამოწმებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მარტივად დასაჭერი არ ვიყავი და ტარიელ ონიანის ნათესავებმა, საბოლოო ჯამში, ვერ წაიღეს – ეს შენობა დღესაც სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ ჟურნალისტური ორგანიზაციებია განლაგებული.

მართალია, დიდი ხანია, ქუთაისში აღარ ვარ, მაგრამ მე და ჩემს მეგობრებს ასეთი ტრადიცია გვაქვს: სადაც უნდა ვიყოთ, პირველი თოვლი რომ მოვა, ყველანი ქუთაისში ჩავდივართ და ხუთსართულიანი „პრესის სახლის“ სახურავზე ვიკრიბებით, სადანაც მთელი ქალაქი ჩანს…

ამის შემდეგ სახელმწიფო სამსახურში გადავედი, თუმცა მანამდე შს იმდროინდელ მინისტრ ვანო მერაბიშვილს დავუპირისპირდი… არაერთხელ მითქვამს, რომ მერაბიშვილთან პირადი შუღლი მაქვს.

– მერაბიშვილთან პირადი შუღლის საბაბ-მიზეზი რა გახდა?

– მოგიყვები…

– მერაბიშვილს მაშინ დაუპირისპირდი, როცა იმერეთის გუბერატორის პრესსამსახურის უფროსი იყავი?

– პრესსამსახურის კი არა, უფრო მაღალი თანამდებობა მქონდა – ადმინისტრაციის უფორის ვიყავი, თუმცა მერაბიშვილს მანამდე დავუპირისპირდი.

– რის ნიადაგზე?

– მოკლედ, „რუსთავი 2“-მა ქუთაისში სტაჟიორი, ძალიან ნიჭიერი ბიჭი მიშა დევიძე გამოაგზავნა, რომელზეც გული მწყდება – ჟურნალისტიკიდან წავიდა. მიშა ჩემი მეზობლების ნათესავი იყო და იქ გავიცანი… ცხადი გახდა, რომ ქუთაისში რაღაც საგანგებო მზადდებოდა, თორემ ტელევიზიები რეგიონში ორი თვით ჯგუფს, როგორც წესი, არ უშვებენ ხოლმე…

მოკლედ, მიშასთან ბევრ რამეზე ვისაუბრე, ჩემთან, სახლშიც მოვიდა… არ დავმალავ: ჩემს არქივში საინტერესო ვიდეო, აუდიო თუ სხვა სახის დოკუმენტები ყოველთვის იყო და არის. არსებობს ადამიანთა გარკვეული წრე, რომელიც მენდობოდა, მენდობა და ამ მასალებს მაძლევს. ერთ-ერთი ასეთი მასალა, უფრო სწორად, ვიდეოჩანაწერი ქუთასის პოლიციის სამმართველოს მაშინდელი უფროსის რესტორან „ტირიფებში“ „კანონიერი ქურდების“ შეხვედრა იყო, რომელზეც თანამდებობის პირებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მიშა დევიძეს ეს ვიდეო ნანახი არ ჰქონდა, უბრალოდ, ვუთხარი, რომ ასეთი ჩანაწერი არსებობდა. ასევე, არსებობს სხვა ტიპის ჩანაწერებიც, რაც წლევანდელ არჩევნებზეც აქტუალური იქნება, რადგან იმ ჩანაწერში, რომელსაც 14 წელია, ვინახავ, დღევანდელი პოლიტიკური ელიტაა აღბეჭდილი.

– ანუ, 14 წლის წინანდელ ვიდეოში დღევანდელი პოლიტიკური ელიტა და ქურდები ერთად არიან?

– პოლიციის მაშინდელი უფროსის რესტორანში ქურდების შეკრება ერთი ჩანაწერია. მეორე ჩანაწერიც, ასევე, „კანონიერ ქურდ“ ტარიელ ონიანსა და დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის ძალიან თვალსაჩინო წარმომადგენლებთანაა დაკავშირებული.

– ეს „თვალსაჩინო წარმომადგენლები“ ხელისუფლებაში არიან თუ ოპოზიციაში?

– კონკრეტიკის გარეშე დავტოვოთ… საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებენ…

პირველ ჩანაწერში ნათლობაა ასახული, სადაც ქუთაისის მაშინდელი მერი გიგა ჩოგოვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მდივანი და სხვებიც ჩანან. მოკლედ, ამის შესახებ მიშა დევიძეს მოვუყევი. მიშამ, როგორც ჩანს, იჩქარა.

– ანუ?

– ფირის შესახებ, რომელიც ნანახი არ ჰქონდა , ტელევიზიაში დარეკა… ნანა ლეჟავას „ღვაწლზე“ უნდა მოგიყვე.  ვანო, მოდი, რა, თუკი ვსაუბრობთ, ბოლომდე ვისაუბროთ და ის ვთქვათ, რაც აქამდე არ მითქვამს. სხვათა შორის, ძალიან გაგიმართლა – ბევრ ექსკლუზივს გიყვები…

– ელისო, არ მიკვირს, გულახდილობის განწყობაზე რომ დადექი, რადგან ჩემთვის ბევრს უთქვამს, განსაკუთრებული აურა გაქვსო…

– ჰო, გადავწყვიტე, რომ ყველაფერი მოვყვე…

მოკლედ, ქუთაისში ნანა ლეჟავა ჩამოვიდა.

– ესე იგი, „რუსთავი 2“-მა ჩანაწერზე სიუჟეტის გაკეთება სტაჟიორს არ ანდო და ქუთაისში გამოცდილი ჟურნალისტი გამოაგზავნა. სწორად გავიგე, არა?

– დიახ…

– ამ დროს „ვარდების რევოლუცია“ უკვე მომხდარია?

– კი, უკვე 2005 წელია. ჩემი მეუღლე ქალაქის პოლიციის სამმართველოში ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ოღონდ შემიძლია, ხატზე დავიფიცო: ისე გავატარეთ 28 წელი, რომ ჩემი მეუღლე ჩემი წყარო ერთხელაც არ ყოფილა!

– მეუღლე არა, მაგრამ ის ცნობილი „ჩიტი“, ხომ შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ შენი მეუღლის ძმაკაცი, ან ყოფილი თანამშრომელია?

– არა! ხომ გეუბნები, შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ ჩემი მეუღლის ხაზი მასალის მოპოვებისთვის არასოდეს გამომიყენებია! ამით საკუთარ პროფესიონალიზმს და უპირატესობას ჩემს მეუღლესაც ვუმტკიცებდი, ხშირად გაკვირვებია, როცა გაუგია, რა მასალები მოხვდა ჩემთან. ზემოხსენებული კასეტებიც სრულიად დამოუკიდებელი არხებით, ისევ ჩვენი კოლეგა ოპერატრების წყალობით მოვიპოვე. საერთოდ, მაშინ ბევრი „პუნქტი“ არ იყო, სადაც კასეტის გადაწერა შეიძლებოდა. რომელიმე ჩემს მეგობარს კასეტას გადასაწერად მიუტანდნენ, ასლს ჩემთვისაც აკეთებდა ხოლმე…

ნანა ლეჟავას ქუთაისში ჩამოსვლამდე კაკო ბობოხიძემ დამირეკა, რომელსაც წლებია, ვიცნობდი და რომელიც მაშინაც დეპუტატი იყო და მთხოვა, რომ ნანასთვის ეს კასეტა მიმეცა. რომ არა წინა დღეს მომხდარი ამბავი,  ნანა ლეჟავას კასეტას მივცემდი, მაგრამ…

– ელისო, ვიდრე თხრობას გააგრძელებ, დამიკონკრეტე: ქუთაისის მაშინდელი მერი, რომელიც ქურდებთან ერთად რესტორანშია გადაღებული, „ნაციონალების“ მხარდამჭერი იყო?

– რა თქმა უნდა, მაშინ ყველა „ნაციონალების“ მხარდამჭერი იყო…

– „რუსთავი 2“ ამ კასეტაზე იმიტომ „ჩალიჩობდა“, რომ შენ არ გაგეხმაურებინა?

– არა.

– აბა?

– უნდოდათ, რომ ეს კადრები ეთერში გასულიყო.

– ვერ გავიგე: თუკი ქუთაისის მაშინდელი მერი „ნაციონალების“ მოხმრე იყო, „რუსთავი 2“ რატომღა „უჩალიჩებდა“?

– ქუთაისი მუდმივად ბურჯანაძის, სააკაშვილის და ვიღაცების გავლენების სფერო იყო… მოკლედ, ამ კასეტას ნანა ლეჟავას, ალბათ, მივცემდი, რადგან კოლეგებისთვის დახმარება ბევრჯერ გამიწევია, იგივე ნანასთვისაც, როცა მოგვიანებით, ქუთაისში ვარციხის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ჩამოვიდა, მაგრამ ძალიან ამარზენი რამ მოხდა.

– რას გულისხმობ?

– ვიდრე ნანა ლეჟავა ქუთაისში ჩამოვიდოდა, წინა დღეს, მიშა დევიძე ჩემს უფროსს შვილს ურეკავს, რომელიც მაშინ 13 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი იყო და შეხვედრას სთხოვს.

– შენი ვაჟი შეხვედრაზე თანმხდება?

– დიახ, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და მიშამ ჩემს შვილს უთხრა, რომ თუკი კასეტას გადააწერინებდა, 5 ათას დოლარს აჩუქებდნენ. მიშა დევიძე ჩემს შვილს ნიკა ტაბატაძის სახელით ელაპარაკებოდა, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო.

– ამ დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია?

– დიახ… 13 წლის ბიჭისთვის ამ ცდუნების გაძლება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩემი შვილი კეთილსინდისიერი აღმოჩნდა…

– ელისო, შენმა ვაჟმა კასეტის არსებობა, ან ჩანაწერის შინაარსი იცოდა?

– კი, ჩემმა შვილებმა ჩემზე ყოველთვის ყველაფერი იციან, მათ შორის, მაგალითად, სახლში ფული სად ინახება, კონკრეტულ მომენტში რა მასალაზე ვმუშაობ, განსაკუთრებით უფროსი შვილის აზრი მაინტერესებს – ის ჩემთვის კომპეტენტური ადამიანია.

მოკლედ, ჩემმა შვილმა მიშა დევიძეს უარი უთხრა, ამას არ გავაკეთებო.

– შენი აზრით, ეს კასეტა საჯარო რატომ უნდა გამხდარიყო?

– მგონია, რომ ამით ქუთაისის მაშინდელი მერის მოშორება და მის ადგლას სხვა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლის დანიშვნა უნდოდათ…

ჩემმა შვილმა რომ მომიყვა, რაც მოხდა, მიშა დევიძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ რაც გააკეთა, ყველაზე დიდი უნამუსობა იყო, რადგან სახლში მივიღე, დავეხმარე, კასეტასაც მივცემდი, ვაჭრობა საჭირო არ იყო… კაკო ბობოხიძემ რომ დამირეკა, ვუთხარი, ნანა ლეჯავას ამ კასეტას არ მივცემ, რადგან წინა დღეს ჩემს შვილთან ვაჭრობა გამართეს. დაზღვეული არ ვიყავი, რომ 13 წლის ბიჭი ამ ცდუნებას გაუძლებდა, კასეტის გაყიდვის და ფულის მიცემის მომენტში, ალბათ, გადაიღებდნენ, მაგრამ ბედი მაქვს – ასეთ საფრთხეებს, როგორც წესი, ყოველთვის ვცდები…

ნანა  ლეჟავა ქუთაისში მაინც ჩამოვიდა, ერთმანეთს მერიის შენობაში შევხვდით და იგივე გავუმეორე. ამის მერე მიშა დევიძე მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემთან შეხვედრა უნდა, ოღონდ უტელეფონოდ უნდა შევხვედროდით. არ ვიცი, მიშას, ნანას, ან ვინმე სხვას რატომ ეგონა, რომ დამწყები ჟურნალისტი ვიყავი და ამას „ვჭამდი“ – მიშა შეხვედრაზე დისტანციური მიკროფონით მოვიდა, კამერა კი, ქუჩის თავში იდგა და ჩვენს საუბარს იწერდა.

მიშას ვუთხარი, ნაძირალა ხარ, რადგან ეს კასეტა არც გინახავს, არ იცი, ზედ რა არის და ბავშვს ფულს სთავაზობდი-მეთქი. მოკლედ, ამ ფარული ჩანაწერითაც ისეთი ვერაფერი წაიღეს, რაც სიუჟეტში გამოადგებოდათ. ამიტომ, ასეთი სცენა დადგეს და ყველაფერი ეს ნანა ლეჟავან გააკეთა: თითქოს მიშა დევიძე გაიტაცეს, სადღაც გელათისა თუ მოწამეთისკენ ჰყავდათ წაყვანილი, კასეტა წაართვეს… ეს სიუჟეტი 9-საათიან „კურიერში“ გავიდა და ამის მერე ქუთაისში მომენტალურად სოდ-ის, ასევე, კუდ-ის სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ჩამოდის, ჩემს ირგვლივ ყველას ურეკავენ და დაკითხვების სერია იწყება.

– შენს გარემოცვას რატომ კითხავდნენ?

– სიუჟეტიდან იყო ეჭვი, რომ მიშა დევიძე ჩემმა ძმამ, ქმარმა ან ვინმე ახლობელმა გაიტაცა,  ჩემი ტელეფონის ამონაწერებიც დეტალურად გაიშიფრა და, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ეს ტყუილი იყო, „რუსთავი 2“-ის სტაჟიორსაც ჩააწერინეს ვიდეომიმართვა, რომ ყველაფერი მოიგონა  და ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღვანელობას გაუგზავნეს, მაგრამ საჯაროდ  არ გამოაჭენეს, რადგან მაინც „რუსთავი 2“ იყო, ასე დაასრულა ნანა ლეჟავამ ამ ნიჭიერი ბიჭის კარიერა, საკუთარი ავანტიურის გამო და ასევე, სათავე დაუდო ვანო მერაბიშვილთან ჩემს მტრობას.

– ვანო მერაბიშვილი ყველაფერ ამის გამო დაგიპირისპირდა?

– ამას მეორე უკიდურესობა მოჰყვა,  გარკვეულმა ჯგუფმა გაიგო, რომ რაღაც კასეტები მქონდა. პირადად ვანო მერაბიშვილმა ჩემს ქმარს, რომელიც მაშინ ქუთაისის სამმართველოს სისხლის სამართლის საძებროს უფროსი იყო, დაურეკა. ამ დროს, ჩემს მეუღლეს სპეცოპერაცია ახალი ჩატარებული ჰქონდა – ავტოქარხნის დირექტორი ამირან ნაცვლიშვილი გატაცებული იყო და გამტაცებლები სწორედ იმ ჯგუფმა დააკავა, რომელსაც ჩემი მეუღლე ხელმძღვანელობდა. ამის გამო რიგგარეშე ჩინი და საკმაოდ მაღალი ფულადი პრემიაც მიიღო. მოკლედ, ვანო მერაბიშვილმა უთხრა, ის კასეტა, რომელიც შენს ცოლს აქვს, იქნებ, მოგვიტანოო, რაზეც ჩემმა ქმარმა უპასუხა, მე ჩემი საქმე მაქვს, ჩემს ცოლს კი – თავისი, კასეტას არ მოვიტანო, ანუ მინისტრს უარი უთხრა. ჩემი მეუღლეც ცოცხალია, ვანო მერაბიშვილიც და ის ადამიანიც, რომელიც ამ ლაპარაკს ესწრებოდა და ძალოვან უწყებაში დღესაც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია.

– ანუ, რახან კასეტა არ მიუტანა, შენი ქმარი ამიტომ გაათავისუფლეს?

– დიახ, ვანომ უთხრა, მაშინ სამსახურიდან წახვალო. წავალო, მიუგო ჩემმა მეუღლემ, პატაკი დაწერა  და სამსახურიდან წამოვიდა. ასე რომ, ჩემი მეუღლის ძალიან წარმატებული კარიერა ჩემმა ჟურნალისტობამ  შეიწირა.

– ელისო, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში გავლენიანი ფიგურა იყო, თუმცა მასთან დაპირისპირების მიუხედავად, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაზე მაინც დასთანხმდი. რატომ?

– ამ დროს ცალი ფეხი უკვე ადმინისტრაციაში მქონდა… პარალელურად, „ალიაში“ ვმუშაობდი და საკმაოდ ხმაურიან თემებზე სტატიებს ვაქვეყნებდი… კაკო ბობოხიძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია, ის არც „ნაცმოძრაობაში“ გამიცვნია და არც – თანამდებობაზე ყოფნისას. კაკომ მთხოვა, იქნებ, პიარში დამეხმაროო და ადმინისტრაცის ხელმძღვანელად მუშაობა 6 თუ 7 თვე მომიწია. სამსაურიდან 2007 წლის ოქტომბერში ჩემივე განცხადებით წამოვედი. საერთოდ, ცხოვრება სიურპირზებითაა სავსე. ჩემს გვერდით ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც გამოცდებს უძლებდნენ  ერთ-ერთი მათგანი ნანა თვალაბეიშვილია, „ქრონიკა +“-ის დღევანდელი რედაქტორი, თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებიც გამოცდებს ვერ უძლებდნენ.

– ელისო, გეთახმები, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხე: მერაბიშვილთან დაპირისპირების მიუხედავად, სახელმწიფო სამსახურში, თან არცთუ დაბალ თანამდებობაზე სამუშაოდ მაინც წახვედი. რატომ?

 

ამ შეკითხვაზე პასუხს ინტერვიუს მეორე ნაწილიდან შეიტყობთ, რომელსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. აქვე, გეტყვით, რომ ინტერვიუს მეორე ნაწილში „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე კიდევ უფრო სკანდალურ ფაქტებს და დეტალებს იხსენებს, რომელთა შესახებაც, როგორც ამბობს, აქამდე ხმამაღლა არასოდეს ულაპარაკია. ასე რომ, თუ გაინტერსებთ, ვინ აფინანსებს სკანდალურ გაზეთ „ქრონიკა+“-ს, რა კონსპირაციული გადაღება დაგეგმეს ვალერი გელბახიანმა, გიორგი თარგამაძემ და გოჩა ჯოჯუამ, რეალურად იმყოფებოდა თუ არა 2007 წლის 2 ნოემბრის მიტინგზე ბადრი პატარკაციშვილი, სად, ვინ და როდის გეგმავდა ირაკლი ალასანიას მკვლელობას, აპირებს თუ არა პოლიტიკაში წასვლას და ვინაა „ჩიტი“? – დაელოდეთ ელისო კილაძის ინტერვიუს მეორე ნაწილს.

ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიკანცელარიასთან საპროტესტო აქცია “ნუ მაბოლებ” გაიმართა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შსს-ები ხელშეკრულებას ხელს ივნისის ბოლომდე მოაწერენ