მიშას საზღვარგარეთ გადასაყვანად მთავრობას დროს ორშაბათამდე ვაძლევთ – დავით სააკაშვილი

„მთავრობას დროს ორშაბათს, 18:00 საათამდე ვაძლევთ, რათა მიშა საზღვარგარეთ გადაიყვანონ“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკშვილი აცხადებს.

მისი თქმით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ქვეყანაში გამოცხადდება პერმანენტული აქციებს და შემდეგ, უკვე დაიგეგმება დიდ აქციაც, რათა ექსპრეზიდენტი გათავისუფლდეს.

„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებას, დედებს, მამებს, ძმებს, შვილებს, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე, გთხოვთ, დაგვეხმაროთ მიშას სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა, ასევე მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ძალიან აქტიური როლი უნდა ითამაშონ იმაში, რომ არ განმეორდეს საქართველოში ის ტრაგედია, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ. ძალიან მომწონს არასამთავრობო ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივა, რომლებიც ითხოვენ, რომ მიშა გადაყვანილ იქნეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ალბათ, საზოგადოების ნაწილი მაინც მიხვდა რა ფატალურ რისკებთან გვაქვს საქმე.

მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს.

მთელი ოჯახის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენს მთავრობას გონივრულ ვადას ვაძლევთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვთქვათ ორშაბათს 18:00 საათამდე მივცეთ დრო მთავრობას, რათა უზრუნველყონ მიშას გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. დრო აღარ ითმენს და შედეგი შეიძლება იყოს ფატალური. ამის თანამონაწილე არ უნდა გავხდეთ არავინ. ვაძლევთ გონივრულ ვადას ორშაბათს საღამომდე, ამის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, გამოვაცხადებთ პერმანენტულ აქციებს და მერე უკვე დიდ აქციას, რომ მიშა გათავისუფლდეს და მიეცეს საშუალება იმკურნალოს, დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, – აღნიშნა დავით სააკაშვილმა.

წინა სტატიაშიქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ხელმოწერების შეგროვება იწყება
შემდეგი სტატიასახელმწიფოს ძალისხმევა დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის მართული ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე მიმდინარეობს – ტალიაშვილი