მიშა კაჭკაჭიშვილი: „ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას პარლამენტში ადგილებზე ევაჭრება“

დასავლეთის უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე ოპოზიციამ გადაწყვიტა ყვავს კაკალი გააგდებინოს და „ქართულ ოცნებასთან“ ვაჭრობა დაიწყო. ოფიციალურად ამას ორივე მხარე მოლაპარაკებებს ეძახის. ხელისუფლებასთან ვაჭრობა პირველმა გირჩმა აღიარა. დანარჩენები ჯერ ისევ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ. როგორც ირკვევა ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებასთან ვაჭრობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მათ ამისკენ კახა კალაძე ტვიტერის საშუალებით მოუწოდებდა.
„ქართულ ოცნებასთან“ გამართული ფარული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია აქვს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს მიშა კაჭკაჭიშვილს. მისთვის ისიც არის ცნობილი, თუ ვინ რაზე და სად ევაჭრება ივანიშვილის პარტიას.

რას ითხოვენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რა პრინციპით შეარჩია ივანიშვილმა დასაჭერი ლიდერები, რას იზამს ხალხი, დაკარგა თუ არა აზრი 4 აპრილს დაგეგმილმა აქციამ – ამ საკითებზე „თაიმერს“ მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება:
– 19 თებერვალს გავიგეთ, რომ გირჩის წარმომადგენლები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე „გაპარულან“. დაშლის თუ არა ეს ოპოზიციურ ერთობას?
– საქმე ის არის, რომ გირჩის ამბავი გახმაურდა, თორემ ხელისუფლებასთან სხვა ოპოზიციონერებიც დაიარებიან და მიდის ვაჭრობა.
– რას ევაჭრებიან?
– პარლამენტში სამ-სამი კაცი რომ გაიყვანონ და სხვადასხვა წვრილმანებზე. სამარცხვინოები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობის პროცესი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადაღებული ექნებათ და როდესაც დასჭირდებათ, მაშინ გამოამზეურებენ ამ კადრებს. აჩვენებენ ყველას ამ ფირებს და ოპოზიციურ ერთობას გახეთქავენ. ხალხს გაუჩნდება ნიჰილიზმი და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოიგებს არჩევნებს. მერე რა მოხდება და მოხდება თუ არა ზუსტად ასე, არ ვიცი. მე ვიცი ის, რომ ხელისუფლებას ასეთი გეგმა აქვს.
– ხელისუფლებასთან სავაჭროდ წონიანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დადიან?
– ყველა წამყვანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დადის ხელისუფლებასთან სალაპარაკოდ. ჯერ არცერთ პარტიას არ დავასახელებ, მიუხედავად იმისა რომ დეტალურად ვიცი ვინ დადის და რას ლაპარაკობს. უბრალოდ ჯერ არ ვიცი, მოლაპარაკებაზე მისული ადამიანები თავისი ინიციატივით დადიან, თუ ეს პარტიული გადაწყვეტილებაა. ყველა მათგანი გავლენიანი პარტიის წარმომადგენელია. გირჩმა ეს ამბავი არ დამალა, სხვები კი ცდილობენ, რომ დამალონ, მაგრამ პატარა ქვეყანა ვართ და აქ არაფერი დაიმალება. აქვე გეტყვით, რომ პირადად მე ოპოზიციური ერთობის იმედი საერთოდ არ მაქვს.
– ამ ყველაფრის მერე ოპოზიციური ერთობა შენარჩუნდება?
– ეს ერთობა საერთო საქმეს სჭირდება, თორემ სულ არ მაინტერესებს ეს ამბავი. ამ ვაჭრობით საერთო საქმეს აფუჭებენ. რაღაცისთვის ვიბრძვით, ესენი კიდევ რაღაცებზე ვაჭრობენ თურმე ხელისუფლებასთან. გგონიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ შტერები არიან? ეს არაა სიმართლე. იქ რაღაც ჯგუფი ძალიან ჭკვიანურად მუშაობს. არც იმის თქმას მოვერიდები, რომ ფულის ფაქტორიც კარგად მუშაობს. ასევე კარგად მუშაობს კეთილდღეობის ფაქტორიც. ამათ არც ქვეყანა ადარდებთ, არც უსამართლობა. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. აქედან გამომდინარე არანაირი იმედი არ მაქვს. თუ ოპოზიციურ ერთობაში მყოფი პარტიები მოვაჭრე ადამიანებს გაემიჯნებიან, კიდევ გაჩნდება რაღაც იმედი. ხალხი ამდენი ხანი ატარეს ყინვასა და უბედურებაში და უცბად ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც „ქართულ ოცნებას“ უნდა.
– ამიტომ ხომ არ მოტეხეს სამოქალაქო აქტივისტები პროცესებიდან?
– რა თქმა უნდა. მათ ნაკლები ბერკეტები ჰქონდათ, მაგრამ ისინი ამ პროცესებში უნდა ყოფილიყვნენ. იშორებენ ყველას, ვისაც შეუძლია, რომ ხელისუფლებასთან გარიგება ჩაშალოს. 10 მარტს არის ჩანიშნული ნიკა მელიას სასამართლო პროცესი. ნიკას ამ დღეს სავარაუდოდ არ დაიჭერენ. მისი დაკავება მოხდება მაშინ, როცა ყველაზე ცხელი პროცესები დაიწყება. ნაციონალური მოძრაობიდან ერთადერთი ვინც მისაღებია წარსულითაც და ადამიანურადაც, ეს არის ნიკა მელია. ნიკას დაჭერის შეთხვევაში გამოვა, რომ იზოლაციაში მოაქციეს ყველა ის ლიდერი, ვინც „ოცნებასთან“ დათმობაზე და კომპრომისზე არ წავა. დანარჩენებთან უკვე მოგვარებული აქვთ.
– რას ნიშნავს „მოგვარებული აქვთ“, ვაჭრობას გულისხმობთ?
– მათთან უკვე ივაჭრეს. ახლა ბოლო დეტალებია შესათანხმებელი. ზოგიერთი პარლამენტში სამ ადგილს არ თანხმდება და „ოცნებას“ ეხვეწება, რომ უფრო ბევრი ადგილი გამოუყოს. ძალიან სამარცხვინო რაღაცები ხდება. დიდი აქცია, რომელიც აპრილის თვეში დაინიშნა, სჯობდა 4 ივლისისთვის ჩაენიშნათ. ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს მაინც აღვნიშნავდით.
– აშკარად გეტყობათ იმედგაცრუება. აქამდე რამდენჯერაც გვისაუბრია, სულ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი. ეტყობა, რაღაც ისეთი იცით, რაც არ იძლევა ოპტიმიზმის საბაბს.
– იმედგაცრუებული ვიქნები აბა რა?! როგორ შეიძლება, ხალხი საბრძოლველად გაუშვა წინა ხაზზე და თავად ფარული მოლაპარაკებები აწარმოო? ასეთ სიტუაციაში ძალიან ბევრი იტყვის – „რატომ გავწირო თავი?“. იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე და ჩემი მეგობრები ბრძოლას შევწყვეტთ, ან რამე კომპრომისზე წავალთ. ეს არის გამორიცხული. ადრე თუ გვიან, ამათ მაინც „გავანგრევთ“. ეს ან არჩევნებზე მოხდება ან არჩევნების შემდეგ. არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დავიწყებთ ძალიან უკომპრომისო ბრძოლას. ჩემთვის მთავარია სისტემის შეცვლა, კონკრეტულ პიროვნებებს არასდროს ვებრძოდი. „ოცნებაში“ ძალიან ბევრთან ვმეგობრობდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ყველაფერზე თვალებს დავხუჭავ, ჩვენ არაფერს დავთმობთ. როგორ გგონიათ, ირაკლი ოქრუაშვილი რომ გამოვა ციხიდან, ამ ბალასტს არ დაუპირისპირდება?.
– დაუპირისპირდება, მაგრამ როდის? ციხიდან ალბათ მალე არ გამოვა. უფრო ზუსტად, არ გამოუშვებენ. თან ეს არც ოპოზიციის ინტერესებშია. ერთხელ მითხარით, რომ ოპოზიციის ნაწილი „ოცნებას“ პირდაპირ სთხოვს, რომ ოქრუაშვილი არ გამოუშვან.
– ეს მართლა ასეა. ის ბალასტს არ შეეგუება და ამიტომ არ აწყობდათ არც ერთს და არც მეორეს ირაკლის გარეთ ყოფნა, მაგრამ იმედია, რომ მალე გამოვა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ირაკლი არჩევნებისთვის უკვე გარეთ იქნება. საპატიმროებს სხვა პოლიტპატიმრებიც დატოვებ. იმას კი მართლა ვერ ვხვდები, თუ რა აზრი აქვს 4 აპრილის აქციას.
– ასე ჩუმად თუ იარეს არავითარი აზრი არ ექნება.
– გამოვლენ ქუჩაში გულანთებული ადამიანები და რა? მივლენ სამი საათით ლიდერები, პიედესტალზე დადგებიან, იქნება მუშტების ქნევა და იმავე საღამოს კაფეში ან პრივატულ ადგილზე დაიწყებენ ჭიქების ჭახუნს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამიტომ არ მწამს ამ ერთობის. ხალხიც ხედავს ამას და იმათ დაელოდება, იმ ძალას, ვინც მართლა პრინციპულად იბრძოლებს. ახლა ხელისუფლებასთან მოვაჭრე პიროვნებებს არ დავასახელებ. იმედია, პარტიები მათ თავად გაემიჯნებიან. თუ ეს რა თქმა უნდა პარტიული გადაწყვეტილება არ არის.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: სენატის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში დემოკრატიის შესუსტებზე
შემდეგი სტატიალადო სადღობელაშვილი: ელენე “ხოშტერიას” ქმედების გასაპროტესტებლად რუსთავის “აიპიდან” მოიწვიეს ახალგაზრდები