მიშა დაუშვილი ქართულ ოცნებას: თქვენ დაამარცხეთ არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, აი ამ ყველაფერზე, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს?!

“თქვენ დაამარცხეთ არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, აი ამ ყველაფერზე, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს?!” – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა “ქართულ ოცნების”
წევრებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

“ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ბექა ლილუაშვილმა საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმ დავიწყებულ მოქალაქეებზე, დავიწყებულ ადამიანებზე, პირველ რიგში, ხელისუფლების მხრიდან, პირველ რიგში, ოცნების მხრიდან. იმ პრობლემებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს, დაწყებული ინფლაციით, მძიმე სოციალური მდგომარეობით, კოვიდით, გაზრდილი ფასებით, რომლებიც ყველაზე მეტად აწვება ჩვენს მოქალაქეებს. ამაზე პასუხად, ჩვენ დღეს მერამდენედ მოვისმინეთ ოცნებისგან, რომ უნდა მივხედოთ ეკონომიკას, გავატაროთ რეფორმები.
ეს არჩევნები დამთავრდა, ბოლო რამდენიმე თვეა, რომ არ გაგხსენებიათ ადამიანები, დღეს რომ გვესაუბრებით, რომ ეკონომიკური რეფორმები უნდა გავატაროთ, გეგმა სად გაქვთ? იმის ნაცვლად, რომ გვეუბნებოდეთ, რომ რაღაც ეკონომიკური რეფორმები უნდა გავატაროთ, უმუშევრობა უნდა შევამციროთ, ფასები უნდა დავასტაბილუროთ, ლარის კურსი უკეთესი უნდა გავხადოთ და ა.შ. და ა.შ., სად, აი გეგმა სად გაქვთ? გავიგეთ, რომ ეს გინდათ, მაგრამ კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები სად არის? ის, რაც მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული, სად არის? ” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებამ“ ბოლომდე დაივიწყა მოქალაქეები, საერთოდ არ ახსოვდა ადამიანი და ზრუნავდა მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

“ახლა სიმართლე რა არის. სიმართლე არის ის, რომ ეს ბოლო თვეები თქვენ ზრუნავდით მხოლოდ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლომდე დაივიწყეთ მოქალაქეები, საერთოდ არ გახსოვდათ ადამიანი. ბოლომდე ააღორძინეთ და გააძლიერეთ „ნაციონალური მოძრაობა“, სრული რეაბილიტაცია მოახდინეთ ნაციონალური მოძრაობის, რომელიც წლის დასაწყისში უბრალოდ იმდენად იყო, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რადარებიდან იყო გამქრალი და მთელი ეს თვეები ასევე მოახმარეთ იმას, რომ გვებრძოდით კონკრეტულად ჩვენ. აი ეს იყო თქვენი ამოცანა, ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად და ოპონენტების განადგურება. ასევე გვესაუბრებით სიძულვილის ენა დავივიწყოთო და გვერდით გადავდოთო და რომელი სიძულვილის ენა, რომელი ენითაც მთელი ეს პერიოდი გვესაუბრებოდით? საქმეზე გადავიდეთო, რომელ საქმეზე, მთელი ეს თვეებია და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდი რომ უბინძურეს პროპაგანდაზე გქონდათ აწყობილი. გაგახსენებთ, გვაბრალებდით გადატრიალებაში მონაწილეობას ,მერე სახელმწიფოს ღალატს, მერე კეზერაშვილი გაფინანსებთო, მერე გახარია მიშას შეხვდაო, მერე კოკაინშიკები ხართო, რომელი სიძულვილის ენის დასრულებაზე გვესაუბრეთ, ან გეგმები სად არის, ან დავიწყებული მოქალაქეები სად არიან. ეს არის სამწუხაროდ რეალური სახე, ეს არის დღეს ის მოცემულობა, რომელ მოცემულობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს არის მწარე სიმართლე, რომელსაც გვინდა თუ არ გვინდა, თვალი უნდა გავუსწოროთ” – განაცხადა დაუშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იყო სამართლიანი, არც თავისუფალი და არც კონკურენტიანი, რადგან ადამიანებს რეალური არჩევანის საშუალება წაართვეს.

„ახლა მნიშვნელოვანი რა არის, მოქალაქეები ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ არჩევნების საშუალებით, არჩევნების საშუალებით, რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა. ეს არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი და არც კონკურენტიანი, რადგან თქვენ უბრალოდ ადამიანებს რეალური არჩევანის საშუალება წაართვით. რადგან ამ არჩევნებზე მოქალაქეებს რაც ჰქონდათ, იყო ორი პოლუსი, აქეთ „ოცნება“ და იქით გაძლიერებული „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ კი მოგილოცეს გამარჯვება, მაგრამ მე ამ მოლოცვას ვერ შევუერთდები, რადგან თქვენ დაამარცხეთ არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ თქვენ დაამარცხეთ საქართველოს მოქალაქეები, აი ეს არის მწარე რეალობა. კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, აი ამ ყველაფერზე, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს?!” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა

წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე-უმრავლესობას: ტაშს რას უკრავთ? ნამდვილი ტაში ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებმაც ზეწოლის და უთანასწორო ბრძოლის პირობებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროში ცხადყოფს თუ როგორ შეიძლება საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მსოფლიო გამოწვევების წინაშე