მირზა სუბელიანთან ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევედი, კიდევ მოითხოვენ ჩემს შესვლას, კიდევ შევალ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენჯერმე მოინახულა.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მირზა სუბელიანი კვირას, 14 ოქტომბერსაც მოინახულა, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ის მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო.

„გაინტერესებთ რამდენჯერ შევედი? ხუთჯერ თუ ექვსჯერ შევედი. კიდევ მოითხოვენ ჩემს შესვლას, კიდევ შევალ. არა მარტო მირზა სუბელიანთან, ნებისმიერ სვანთან. თვითონ მირზა სუბელიანის მოთხოვნით შევდიოდი. კვირას, 14-შიც შევედი, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში იყო. ვთვლი, რომ სტრესისა და აგონიაში მყოფი ადამიანის სიტყვები იყო და ჩავთვალე არასერიოზულად. „რუსთავი 2“ წერს ამათ და ამათმა იციან, რა სიბინძურეში გახვიონ ქვეყანა. ადამიანი, რომლის შვილის გამოც ორი ახალგაზრდა დაიღუპა, არ უნდა მენახა? „რუსთავი 2“ და მისი დამქაშები მიჩვეული არიან გვამებს და ამას ელოდებიან. მე მაქვს პატიმართან შესვლის უფლება და არ ვარ ვალდებული, გავანდო ეს ინფორმაცია სხვას. ამის უფლებას კონსტიტუცია მაძლევს. როცა მირზასთან ვიყავი, მაშინ შემოვიდნენ ცუხიშვილი და მამამისი. რაც შეეხება ჩანაწერებს, გვარამიამ ფაბრიკაცია გააკეთა. როგორ მოხდა პარლამენტის წევრის ვიზიტის ჩანაწერები მათთან? ვინ ჩაწერა? ისევ „ნაციონალების“ ნარჩენები არიან საპყრობილეში და უნდათ, რომ იმ რეჟიმში გვაცხოვრონ, თუმცა მათზე ქართველმა ხალხმა თქვა უარი“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – სვანეთი ჩემთვის თავისუფლებას ნიშნავს
შემდეგი სტატიამირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს არის პატიმარი