მირზა სუბელიანის უფლებები დარღვეულია – ომბუდსმენი

„მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული,“ – ეს განცხადება, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ლომჯარია P.S-ში გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, პატიმარ მირზა სუბელიანის საკანში, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ბრალდება.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ აღნიშნული საუბრის ჩაწერით თავად მირზა სუბელიანის უფლებები დაირღვა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანს, თანხმობის შემთხვევაში, უფლებების დაცვაში დაეხმარებიან.

„მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, არის დარღვეული იმიტომ, რომ რეალურად კონფიდენციალური საუბრის ჩაწერა მოხდა ამ შემთხვევაში და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მისი უფლებების დაცვაში, თუკი მას ექნება სურვილი, რომ მოგვაწოდოს დამატებითი რაიმე ინფორმაცია ამ გარემოებების შესახებ, თუნდაც ჩაწერასთან თუ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, იქ არის ასევე საუბარი ისეთ ფაქტებზე, რაც მის წინააღმდეგ მეტყველებს ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე, ამიტომ, არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იქნება, რამდენად ექნება სურვილი მას ჩვენთან თანამშრომლობის,“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამ წუთებში მირზა სუბელიანს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრა უკვე ორი საათია მიმდინარეობს. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მირზა სუბელიანი მათთან დეტალურად ისაუბრებს მის მიერ ნახსენებ საქმეებთან დაკავშირებით.

მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S-ში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

საათნახევრიან აუდიოჩანაწერში საუბარია რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის ვანოს საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეზე.

მირზა სუბელიანი საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ სასურველი ჩვენებების მიღების მიზნით იტაცებდნენ და ზოგჯერ აწამებდნენ კიდეც ხალხს.

სუბელიანი ამბობს, რომ ის „შავ საქმეებს“ აგვარებდა, რაც ხელისუფლებამ ვერ დაუფასა. სუბელიანის თქმით, მას ბევრი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ.

banner
წინა სტატიაშისკანდალური ჩანაწერი გლდანის ციხიდან – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან საუბარს ადასტურებს
შემდეგი სტატიაშეიარაღებულ ძალებში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება