მირზა სუბელიანის საქმეზე პროკურატურაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ-ს გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის განცხადების საფუძველზეც მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო.

​როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურატურაში განაცხადეს, საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა.

„პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ მედიასაშუალებით გავრცელდა. ყველა ჩანაწერზე ავთენტიკურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები“,- განაცხადეს პროკურატურაში.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სუბელიანი საკანში შესულ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, აგრეთვე, დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელ დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

banner
წინა სტატიაშიექიმების საბანკო ამონაწერების გავრცელებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ მთავარი პროკურატურის შენობა უკომენტაროდ დატოვა