“მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია… რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ… “

სკანდალურ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი ეხმაურება.

“მირზა სუბელიანის მონათხრობი, სამწუხაროდ, არ გამკვირვებია და ადვილად ვირწმუნე „აუთენტურობაზე სამხარაულის დასკვნის“ გარეშეც… დიახ, სისტემა აქეთ მიექანებოდა!

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია“ – ამ სათაურით ვწერდი წერილს ბიძინა ივანიშვილს 3 წლის წინ, როდესაც „ძალოვნებმა“ მორიგი შტურმი მოიტანეს ჩემზე. ჰოდა, მალე „წვრილიც გაწყდა“ და „კატებმაც“ ბოლომდე აიშვეს…

ამ სიმწრის სტრიქონებს 2012 წლის გულანთებული „ოცნებელების“ უდიდესი უმრავლესობისთვის ვაქვეყნებ, ვინც მასში საკუთარ თავგადასავალსაც ამოიცნობს და ვისი ხმაც ასევე „კატების ყეფამ“ ჩაახშო. ჩაახშო, მაგრამ ვერ გააქრო და სწორედ მათი ხმები ააცილებს ქვეყანას ნაცურ რევანშსაც და ქოცურ ქაოსსაც!

********

„რადგან უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ, ჯობია, იქ გაწყდეს, სადაც წვრილია

თქვენ მე საქვეყნო საქმის საკეთებლად დამიძახეთ და მე თქვენ საქვეყნო საქმის კეთებაში გამოგყევით. მე თქვენი ვირწმუნე და თქვენთან პატიოსანი და უღალატო საქმიანი ურთიერთობებისთვის განვეწყვე. მიუხედავად მრავალი პრობლემისა, მათ შორის, ადამიანურად რთულად გადასატანი ბრალდებებისა და უნდობლობისა, ეს განწყობა არ შემიცვლია.

ბოლო 4 წელია ნემსის ყუნწში ვძვრები იმისათვის, რომ თუკი რამე შემიძლია და თუკი რამე ვიცი, თქვენთან ერთად იმ საქმეს მოვახმარო, რასაც მთელი შეგნებული სიცოცხლე ვემსახურები. ამ საქმეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის უფსკრულიდან ამოსვლა და თავისუფალ სამყაროსთან ზიარება ჰქვია. ამისათვის მიწევს უამრავი მსხვერპლის გაღება, პირადულიც, ოჯახურიც, პარტიულიც, კოალიციურიც. ამისათვის ამიტანია და კვლავაც ავიტან უამრავ რამეს, მათ შორის, თავმოყვარეობის ხარჯზეც. მაგრამ მეც მაქვს ზღვარი…

ამასობაში, კოალიცია და ქვეყანა წალეკა არაკომპეტენტურობამ, უღირებულებობამ, უსისტემობამ, არაორგანიზებულობამ, მაამებლობამ, კანონის იგნორირებამ.

სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდაუვალია რაღაც საკითხების ცოტა „სხვაგვარად მოგვარება“. მაგრამ ბევრი ჩვენი ასეთი ქმედება არა თუ „თეთრი ძაფითაა“ უკვე ნაკერი, რომელიც ადვილად შეიძლება შეამჩნიოს ვინმემ, არამედ „წითელი ძაფითაა“ ნაკერი, რომლის ვერ შეჩნევაც შეუძლებელია. სწორედ ასეთი სახე მიიღო, მაგალითად, უგულავას საქმემ.

და დღეს უკვე უგულავას ეპოპეის, ისევე, როგორც სხვა მრავალი უბედურების, შემომქმედები აქეთ იშვერენ ხელს, მე მაქვს მათთან თავი სამართლებელი და, შესაძლოა, თქვენ ვეღარ მოახერხოთ მათთან ჩემი დაცვა? იმ მთავარ პროკურორთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც პრემიერს არწმუნებდა, რომ ერთი მოსამართლის უცხოეთში ყოფნის გამო ერთი კვირით შეიძლებოდა საქმის განხილვის გადადება? იმ მინისტრთან უნდა ვიმართლო თავი, რომელიც გარწმუნებდათ, რომ „მაცნეში“ გამოქვეყნებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევიდოდა? იმ ხალხთან მაქვს რამე დასამტკიცებელი, ვინც „ავადმყოფი ტურავას“ ხელმოწერის არ დასმით ცდილობდა გაფუჭებული საქმის გამოსწორებას? ქვეყნის იმ „აღმაშენებლებს“ უნდა დავუმტკიცო ჩემი მოკრძალებული საჭიროება კოალიციაში, ვინც წელიწად-ნახევარში უგულავას განაჩენი ვერ უზრუნველყო და „უგულავები“ წამებულის შარავანდედით შემოსა? იმ ზონდერ-მოსამართლეებთან მაქვს ჩემი სარგებლიანობა დასამტკიცებელი, რომლებიც დღესაც სათავისოდ აკონტროლებენ სასამართლოს და ნაღმებზე გვსვამენ? მე პირადი და პარტიული ინტერესების გამო ვანგრევ სახელმწიფოს და ისინი აშენებენ, ვინც თქვენთვის საამებლად და სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე არიან წამსვლელები?

კი ბატონო. იყოს ეს საქმე სიმბოლურიც და გადამწყვეტიც. სიცხადე და გარკვეულობა თქვენც გჭირდებაც და მეც. რაც მთავარია, საქმეს სჭირდება სიცხადე. მივიღოთ გადაწყვეტილებები – ერთად თუ ცალკ-ცალკე.“-წერს დავით უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაში„გუშინაც მიმდინარეობდა დაკითხვები და გამოძიება გაგრძელდება“ – თეა წულუკიანი სკანდალურ ჩანაწერზე
შემდეგი სტატიათბილისის მერი კატარის მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა