მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა – პროკურატურა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც დამატებით დეტალებზე ისაუბრა.

პროკურტაურა ადასტურებს მირზა სუბელიანის პეკინის ქუჩაზე ყოფნას მას შემდეგ, რაც შემთხვევა მოხდა. მათი ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომელი იყო, არასრულწლოვანი შვილი დაკითხვაზე თავად, მომხდარიდან სამ საათში მიიყვანა.

“რაც შეეხება მირზა სუბელიანს, იგი 2017 წლის პირველ დეკემბერს ნამდვილად იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას – დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით.

ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ.ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების: მოწმეთა ჩვენებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმეში მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ქმედებებში შესაბამისი სტანდარტით გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოპოვებული მტკიცებულებები წარადგინა სასამართლოში და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ და აღსრულდეს მართლმსაჯულება” – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“არ მესმის, შოთა ხაბარელი, ქართული ძიუდოს სკოლის ერთ-ერთი შემოქმედი გყავდეს და მას არ უსმენდე”
შემდეგი სტატია„ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს