მირიან მირიანაშვილი: „სულეიმანის სიკვდილმა თბილისში შიიტური ანკლავის შექმნა ჩაშალა“

ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო საქართველოს ნაწილმა გლოვაი საკვირველი გამოაცხადა. მართალია ამერიკაც და ირანიც ამბობენ, რომ ომი არ იქნება, მაგრამ ქართველებს ამის დაჯერება არ სურთ. სოციალური ქსელებით და ტელევიზიებით იმაზე მოსთქვამენ, როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველომ ირანელი ლტოლვილების ნაკადს.

ლტოლვილების თემაზე გოდება სასაცილოდ მიაჩნია ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელს მირიან მირიანაშვილს. ის დარწმუნებულია, რომ ირანიდან არანაირი ლტოლვილთა ნაკადი არ იქნება და თუ მაინცდამაინც გადაწყვეტენ ირანელები ირანიდან გაქცევას, ისინი თავშესაფარს საქართველოში არ მოითხოვენ.

რატომ არ უნდა ველოდოთ ირანელი ლტოლვილების ნაკადს, რა გეგმა ჩაიშალა ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, რატომ არ ვითხოვთ ნავთობსადენზე სატრანზიტო გადასახადის დაწესებას? – ამ თემებზე მირიან მირიანაშვილი „თაიმერს“ ესაუბრება.

-აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი არ იქნება. ირანმა აღნიშნა რომ მათ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიება უკვე დაასრულეს. საქართველოში კი მაინც ომზე ლაპარაკობენ და თან ირანიდან ლტოლვილთა დიდ ნაკადს ელოდებიან.

_ ირანი ჩვენი რეგიონის ნაწილია და არაა გასაკვირი, რომ ეს თემა ჩვენი საზოგადოებისთვის მგრძნობიარეა. თბილისში თვლიან, რომ ირანში თუ რამე მოხდება, ეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენებს იქონიებს. ფიქრობენ, რომ 80 მილიონიანი ირანიდან წამოსულმა ლტოლვილების რაოდენობამ შესაძლოა საქართველოს მოსახლეობასაც კი გადააჭარბოს. ირანში ომის დაწყება, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

საფრთხეები ნამდვილად არის, მაგრამ არა ის საფრთხეები რომელზეც საქართველოში ამახვილებენ ყურადღებას. საომარი მოქმედებები თუ დაიწყება, ეს იქნება სამხრეთ ირანში, სპარსეთის ყურესთან. ეს ის რეგიონია, რომელიც საქართველოსგან ძალიან შორს არის. დაახლოებით 2.000 კილომეტრი გავშორებს. იქ განვითარებული მოვლენები ჩვენს რეგიონზე პირდაპირი ეფექტის მატარებელი ვერ იქნება.

არც ლტოლვილების ნაკადი არ მოაწყდება საქართველოს. იმისათვის რომ ამიერკავკასიამდე მოვიდნენ, ჯერ ჩრდილოეთ ირანი უნდა გამოიარონ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ირანს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციები ცუდად არის განვითარებული. შუაში უზარმაზარი ირანის ზეგანია, 2.000 მეტრის სიმაღლის. ამ პლატოს სიგანე დაახლოებით 700-800 კილომეტრია. ზამთარში ვინ ავა 2.000 მეტრის სიმაღლეზე და მერე ვინ გამოივლის 800 კილომეტრს. თან ღარიბ ამიერკავკასიას რატომ უნდა მოაწყდნენ ირანელები, როცა ბევრად ახლოს არის მდიდარი ბახრეინი, საუდის არაბეთი, ყატარი.

– აბა რატომ მოსთქვამენ ქართველები ირანელ ლტოლვილებზე?

– ლტოლვილების თემაზე რუსული აგენტურა საუბრობს. კრემლი ამ თემითაც ცდილობს საქართველოში ანტიამერიკული განწყობის გაღვივებას.

კიდევ იცით რაშია პრობლემა, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რას წარმოადგენდა სინამდვილეში ყასემ სულეიმანი. ის გახლდათ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი დიდოსტატი და კონსტრუქტორი. მან ააწყო შიიტურ-ჰიბრიდული სტრუქტურები.

ამ ჰიბრიდული სტრუქტურების მეშვეობით დაეპატრონა მთელ წინა აზიას. შიიტური სამთავრო ერთი ცენტრიდან მართული გახადა. მთელი რიგი სახელმწიფოების ხელისუფლებებს ფუნქცია დაუკარგა. მხედველობაში მაქვს სირია, ერაყი, ლიბანი,. იემენი. სადაც კი შიიტური დიასპორაა, ყველგან თავის სტრუქტურები ჩანერგა და ყველა ამ ქვეყანას ის მართავდა.

– გამოდის რომ სულეიმანი შიიტური სამყაროს არაფორმალური მმართველი იყო.

– შიიტური სამყაროს არაფორმალური მმართველი იყო და მის მმართველობაში ნაწილობრივ ირანიც მოექცა. ეს ადამიანი 120 მილიონიანი შიიტური სამყაროს ლიდერი იყო. მან შიიტური სამყარო გაასამხედროვა, უამრავი სამხედრო ფორმირება შექმნა. 2 მილიონიანი, მუდმივ საბრძოლო რეჟიმში მყოფი არმია ჰყავდა. ის გენიოსი იყო. ის ჰიბრიდული ომების ახალი თაობის მთავარი კონსტრუქტორი გახლდათ.

მისი მიბაძვით დაიწყეს რუსებმა რუსულ სამყაროში ჰიბრიდული კონსტრუქციების შექმნა. ამ ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ახალი რეალობა ჩამოყალიბდება. საქართველოს სამხრეთით აღარ იარსებებს არაფორმალური იმპერია, რომელსაც ყასემ სულიმანი მართავდა.

ეს იმპერია რუკაზე ერთ ფერში ყოფილა შეფერადებული და რიგითი მოქალქეებისთვის თვალში საცემი არ იყო, მაგრა, ის არანაკლებ საშიში იყო, ვიდრე რომელიმე აგრესიული სახელმწიფო.

– 2 მილიონიანი ჯარი თუ ყავდა, საშიში იქნებოდა. რუსეთს ჰყავს ამხელა არმია და ამითაც არის ეს ქვეყანა საშიში.

-რუსეთს 800.0000-იანი არმია ჰყავს. სირიაში მოვლენების ასადის მხარეს შეტრიალება არა რუსეთის, არამედ სულეიმანის დამსახურება იყი.  ქართველებმა მისი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ, მაგრამ რიგ შემთხვევაში ეს ადამიანი ჩვენ გვეხებოდა პირდაპირ.

– რანაირად გვეხებოდა მისი საქმიანობა პირდაპირ?

-2014 წელს სულეიმანსა და პუტინს შორის სოჭში შედგა შეხვედრა. მაშინ დაითანხმა ის პუტინმა სირიაში შესვლაზე. ამის მხარდაჭერის სანაცვლოდ სულეიმანმა თბილისზე კონტროლის დამყარება ითხოვა. რუსეთმა მას ამის ნება მისცა.

-თბილისზე კონტროლის დამყარებაზე რუსეთისგან რატომ აიღო ნებართვა? ან რაში სჭირდებოდა თბილისის გაკონტროლება?

– საქართველოს რუსები აკონტროლებენ. ამიტომაც მოითხოვა კრემლისგან თბილისზე კონტროლის დამყარების უფლება. მან მიიღო მოსკოვისგან შიიტური კოლონიის ჩამოყალიბების უფლება. ზუსტად მაგ პერიოდიდან დაიწყო საქართველოში ირანელების მასობრივი შემოსვლა. დაახლოებით 50.000  ირანელი ცხოვრობს დღეს თბილისში.

პოლიტიკური ასპარეზიდან სულიემანის ასეთი დრამატული წასვლის შემდეგ, ბევრი რამე შეიცვლება,. ეს შეეხება თბილისსაც. თბილისის შიიტურ ანკლავად ქცევის გეგმა ჩავარდა.

რაში სჭირდებოდა სულეიმანს ეს ანკლავი? ირანული ელიტა უკმაყოფილო იყო რუსულ-თურქული გარიგებით, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს. ქართველებს კი გვგონია რომ თბილისი იღებს გადაწტყვეტილებებს, მაგრამ სინამდვილეში რუსეთ-თურქეთი გვმართავს.  ირანი საქართველო უშუალოდ არ ესაზღვრება და მას საქართველოსგან წილი არ შეხვდებოდა, საქართველოს დაშლის შემდეგ. საქართველოს დაშლის გეგმა რუსეთს აქვს შემუშავებული. ამიტომ მოითხოვეს თბილისზე კონტროლის დაწესება. რომელიც მომავალში უფრო მეტ ფუნქციას შეიძენდა.  დღეს ეს წარსულს ჩაბარდა. ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული პერსპექტივის იმედი მოგვცა.

– შიიტურ შეთქმულებას აგვარიდა?

– ასე გამოდის. სულეიმანი რომ დარჩენილიყო, თბილისში შიიტური ანკლავი გაძლიერდებოდა. შიიტები დღემდე თვლიან, რომ თბილისი იყო მათი ქალაქი. ნარიყალასთან რომ დგას მეჩეთი, მიაჩნიათ რომ ეგ მეჩეთი მათთვის საკრალურია. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შიიტური მედრესეს, რომელიც თბილისში შიიტურ ღვთისმეტყველებას ამზადებდა. აღნიშნული მედრესე ყველაზე ძველი იყო შიიტურ სამყაროში. სერიოზული ანტიქართული გეგმა მომზადდა პუტინის და სულეიმანის გარიგების შედეგად, მაგრამ ეს გეგმა ამერიკამ ჩაშალა.

ამერიკამ უკან დაახევინა ირანს. თავის მოსახლეობას არწმუნებენ, რომ სუილეიმანის მკვლელობის გამო შური იძიეს და ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს.  შედეგად არც არავინ დაღუპულა და არც ამ რაკეტების კვალი ჩანს სადმე. შეიძლება არც კი ისროლეს. თავის მოსახლეობას ატყუებენ. ირანი ჩაკეტილი ქვეყანაა და იქ ინტერნეტი არ არის. მათ ეუბნებიან რომ სულეიმანის სისხლი აღებულია. ისინიც კმაყოფილები არიან.  დაახლოებით იგივე ვითარებაა, რაც ჩრდილოეთ კორეაში. იქაც არ არის ინტერნეტი და იქაურებს თავისმა ხელისუფლებამ უთხრა, რომ 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და ბრაზილიას მოუგეს ფინალში.

– დაახლოებით ასეა. ყველა ჩაკეტილი სახელმწიფო მოსახლეობას მოდელირებულ სამყაროში აცხოვრებს..

-თქვით რომ სულეიმანის სიკვდილით, შიიტური ანკლავის შექმნის გეგმა ჩაიშალა. კიდევ რას უნდა ველოდოთ?

– ჩვენი ნებისმიერი პოლიტიკური  კონკურენტის დასუსტება და რეგიონში მისი როლის დამცრობა. ხელსაყრელი კლიმატია საქართველოსთვის, მაგრამ ამას ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს.

საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენიც გადის და ნავთობსადენიც. სატრანზიტო მოსაკრებლების გადახედვა რატომ არ ხდება არ მესმის. ამით საქართველო მილიარდებს კარგავს. ალიევების ოჯახი სააკაშვილს უხდიდა წლების მანძილზე ფულს, რომ მოსაკრებელის პირობების გადახედვა არ მომხდარიყო. სააკაშვილი 8 წელია რაც აღარ არის და რატომ არ გადაიხედა. ახლა ვინ იღებს ამაში ფულს.  არავინ არ თქვას, რომ ჩვენ გვჭირდება ეს გაზსადენი და ნავთობსადენი. აზერბაიჯანი თავის პროდუქციას საქართველოს გვერდის ავლით ვერ გაიტანს ვერსად.

არ მესმის რატომ არის საქართველო მხოლოდ გამტარი ტერიტორია. ჩვენ უნდა ვიყოთ ჰაბი. საზღვარზე ვიყიდოთ გაზი და ნავთობი და ჩვენ გავიტანოთ ევროპაში. ამ საკითხს არავინ აყენებს და ეს საქართველოს მილიარდებს აკარგვინებს. სამწუხაროა, რომ საქართველო არ იყენებს მის სასარგებლო სიტუაციას. იმედი მაქვს მალე ყველაფერი შეიცვლება. რეგიონში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მიდის.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში რუსული სიმღერების შეუსრულებლობის გამო მომღერლებს სცემეს?!
შემდეგი სტატიათბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა