განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 21-ე სკოლის პედაგოგებსა და მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, სკოლაში ჩატარდება გადაუდებელი სამუშაოები, რის შემდეგაც სწავლის პროცესი დროებით იმავე შენობაში აღდგება.
მინისტრის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაზუსტებული დასკვნის საფუძველზე, კონკრეტული გამაგრებითი სამუშაოებისა და მუდმივი მონიტორინგის პირობებში სასწავლო პროცესის განახლება შესაძლებელია.
„კომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს ის სამუშაოები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ 21-ე სკოლაში აღდგეს სწავლების პროცესი…
ჩვენ განვუმარტეთ სასკოლო საზოგადოებას, თუ რა პროცესები წარიმართა, რა აქტივობები განვახორციელეთ და რა გადაწყვეტილებამდე მივედით… ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია განათლების უწყვეტობა, თუმცა სასწავლო წლის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს პროცესი და ზაფხულიდან კონკრეტული სარეკონსტრუქციო სამუშაოები აუცილებლად უნდა განხორციელდეს ამ სკოლაში“, — აღნიშნა გივი მიქანაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოკლევადიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა უკვე დაიწყო. მათი დასრულების შემდეგ სწავლა 21-ე სკოლაში დროებით განახლდება, ხოლო ზაფხულში დაიწყება სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რა დროსაც მოსწავლეები ალტერნატიულ შენობაში გადავლენ.
სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ალტერნატივებზე (ონლაინ სწავლება ან სხვა სკოლების [51-ე და 49-ე] მეორე ცვლაში გადანაწილება) სასკოლო საზოგადოებამ უარი თქვა, რადგან ითხოვდნენ სწავლის ერთიან რეჟიმში და პირველ ცვლაში გაგრძელებას.















