განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიის სოფელ არჩეულში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს.
მიქანაძე ბრალდებების ავტორებისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე პასუხისგება მოუწევთ.
„ეს მორიგი იაფფასიანი და დეზინფორმაციული კამპანია გახლავთ… მიწა, რომელიც ყველა დადგენილი წესისა და კანონის სრული დაცვით შევიძინე, ცარიელი ადგილი იყო და იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ იდგა. ჩემ მიერ შეძენილი მიწის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. მისი ღირებულება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ღირებულების საფუძველზე განისაზღვრა“, — განაცხადა მიქანაძემ.
მიქანაძის თქმით, სამშენებლო პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას წარედგინა და ხის კოტეჯის მშენებლობა მხოლოდ მისი დამტკიცების შემდეგ დაიწყო.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დოკუმენტაცია გამოითხოვოს როგორც ლანჩხუთის მერიიდან, ისე ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან.
ექს-დეპუტატისა და მოქმედი მინისტრის თქმით, თუ ბრალდებების გავრცელებული პირები საჯაროდ ბოდიშს არ მოიხდიან, პროცესს სამართლებრივი ფორმა მიეცემა.
მინისტრის პოზიციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გივი მიქანაძე გურიაში, სოფელ არჩეულში საბავშვო ბაღის ყოფილ ტერიტორიაზე სახლს იშენებს.












