27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მინზატუ: შესაძლოა, ევროკავშირმა მიმდინარე წელს 1,3 მილიონამდე სამუშაო ადგილი დაკარგოს

ევროკომისიის შრომის საკითხთა კომისრის, როქსანა მინზატუს განცხადებით,  ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტს უკავშირდება, შესაძლოა, ევროკავშირმა მიმდინარე წელს 1,3 მილიონამდე სამუშაო ადგილი დაკარგოს.

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო 1,3 მილიონამდე სამუშაო ადგილი რისკის ქვეშაა, განსაკუთრებით ენერგოინტენსიურ სექტორებში“, – განაცხადა მინზატუმ პრესკონფერენციაზე.

მინზატუს განცხადებით, ყველაზე მასშტაბური შემცირებები, შესაძლოა, ავტოინდუსტრიაში მოხდეს, სადაც 600 000-მდე სამუშაო ადგილს ემუქრება საფრთხე.

გარდა ამისა, სამშენებლო, მეტალურგიულ, ქიმიურ და სატრანსპორტო სექტორებში, ჯამურად, 56 000 სამუშაო ადგილის დაკარგვაა მოსალოდნელი. რისკის ქვეშაა ასევე: ბატარეების წარმოებისა და შესაბამისი პროექტების სფეროში დაახლოებით 85 000 სამუშაო ადგილი, მზის პანელების წარმოებაში – 58 852 სამუშაო ადგილი, ფოლადის ინდუსტრიაში – დამატებით 4 500 სამუშაო ადგილი.

ევროკომისიის შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება მოსახლეობაზეც აისახება. კერძოდ, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს სატრანსპორტო საწვავზე საშუალოდ 1,4%-ით მეტის დახარჯვა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ფიშერის განცხადებები დიდად საინტერესო არ არის
შემდეგი სტატია“პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით არ ვიცი”- გიორგი კაკაურიძე