
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი – სამი ქვეყანა, სამი ლიდერი და ერთნაირი ძალადობრივი ხელწერა. გასული წლის ნოემბერ–დეკემბრის სისხლიანი მოვლენების ნახვის შემდეგ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, 2020 წლის მინსკის მასობრივი აქციები გაახსენდა – მაშინ, როდესაც ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში ლუკაშენკოს მიერ გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდა და რეჟიმი დემონსტრანტებს წყლის ჭავლით, სპეცრაზმითა და ხელკეტებით უპირისპირდებოდა.
ტიხანოვსკაია “პირველებთან” ინტერვიუში ამბობს, რომ თბილისში ნანახი „წყლის წვეთივით ჰგავს“ ისეთს, რასაც მინსკში აკეთებდნენ: დიქტატორები ერთმანეთისგან სწავლობენ. წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები, სახეში და თავში წიხლები, უკანონო დაკავებები, გადავსებული იზოლატორები, ციხეებში ძალადობა აღიარებების გამოსათხოვად – ეს არის საერთო იმ მეთოდებს შორის, რასაც ბიძინა ივანიშვილი და ალექსანდრ ლუკაშენკო იყენებენ. როგორც პოლიტიკური პირები აღნიშნავენ, წამების ის ელემენტები, რომლებიც რუსთაველზე გამოჩნდა, მხოლოდ ბელარუსის პროტესტების დროს გვინახავს.
BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟი კი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი შესაძლოა კიდევ უფრო შორს წავიდა. თუ დადასტურდება, რომ აქციების დასაშლელად გამოყენებული იყო ქიმიური ნივთიერება, ეს ნაბიჯი ივანიშვილს ჰუსეინის, ასადის და პუტინის გვერდით დააყენებს. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნი ნერვული აგენტით პირდაპირ პუტინის ბრძანებით მოწამლეს.
















