რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ტყიბულში, სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან, ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა, შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა.
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, მეწყრული ზონიდან 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ისინი დროებით სასტუმროებში არიან განთავსებული როგორც ქუთაისში, ასევე ტყიბულში. რაც შეეხება გრძელვადიან სამუშაო პროცესს, ამჟამად სტიქიის ზონაში გეოლოგები იმყოფებიან. ხდება როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე მოსალოდნელი საშიშროების სიღრმისეული შესწავლა. შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავსახოთ სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა.















