ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია გადასული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს.
სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი ნავსადგურის აკვატორიაში ამ დროისთვის ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება:
აკვატორიაში უკვე მუშაობს ორი სპეციალური ფსკერდამაღრმავებელი გემი — Tristao Da Cunha და Al-Idrisi.
პარალელურად მიმდინარეობს პორტის დამცავი ტალღმჭრელი კონსტრუქციის მშენებლობა.
თამარ იოსელიანის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს გადამწყვეტი როლი ენიჭება როგორც ქვეყნის, ისე მთლიანი რეგიონის ლოგისტიკური პოტენციალის გაზრდაში:
„ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს აქვს უდიდესი დატვირთვა, როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის. შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ, რომ საქართველოსთვის სრულიად ახალი რეალობა შევქმნათ და გავხადოთ ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი როლი გავამყაროთ შუა დერეფნის კონტექსტშიც… 2029 წლისთვის პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში“, — აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.














