მინისტრი სერგეი შამბას განცხადებაზე-დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზირებული, ჩვენი პასუხი გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა

დიალოგს, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს დიალოგი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, სერგეი შამბას მიერ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შამბა ამბობს, რომ საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივები აქვს.

„ჩვენი პასუხი ბარიერებსა და ხელოვნურ გამყოფ ხაზებზე არის თანამშრომლობა. თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის სიკეთეების გაზიარების კუთხით. საქართველოს მიერ წარდგენილი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ითვალისწინებს სწორედ ამ სამშვიდობო ინიციატვების გაზიარებას ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ვაჭრობის, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების კუთხით, განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ევროპაში თავისუფალი გადაადგილების კუთხით. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა დიალოგის კუთხით და სწორედ ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ მათ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

„საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შეიძლება ითქვას, ლიდერი მე ვიყავი. თუმცა, ასევე პირველმა დავიწყე საუბარი იმაზე, რომ დროა, როგორმე დიალოგი დავიწყოთ“, – განაცხადა შამბამ.

banner
წინა სტატიაშიფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო