“მინიმუმ 7-8 სამინისტრო შესაძლოა იყოს რეორგანიზებული”

„ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძის განცხადებით, საქართველოში მინიმუმ 7-8 სამინისტროს გაერთიანება შესაძლებელია განხორციელდეს.

როგორც კაციტაძემ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, „ახალი მემარჯვენეები“ დადებითად აფასებენ სამინისტროების შემცირების იდეას.

მისი შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში რთული სოციალური ფონია, ადმინისტრაციაზე დიდი დოზით საბიუჯეტო თანხების ხარჯვა მიზანშეწონილი არაა, როგორც თანხების ეკონომიის კუთხით, ასევე მობილურობისა და ეფექტურობის კუთხით.

„ახალი მემარჯვენეების” ხელმძღვანელის თქმით, სამინისტროების ოპტიმიზაცია ათეულობით ლარის დაზოგვას და ეფექტურ მმართველობას გამოიწვევს.

„დღეს საქართველოში პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, 21 წევრიანი მინისტრთა კაბინეტია, ანუ 20 სამინისტრო. ჩვენი შეთავაზებით, მინიმუმ 7-8 სამინისტრო შესაძლოა იყოს რეორგანიზებული – შერწყმული ერთმანეთთან. ამით არამხოლოდ ბიუჯეტურ თანხებს დავზოგავთ, ეს იქნება უფრო მობილური და კომპლექსურად მოქმედი სტრუქტურა. ჩვენ სამინისტროების მექანიკური შემცირება არ გვაქვს მხედველობაში. არის მთელი რიგი სამინისტროები, რომელთა გაერთიანება შესაძლებელია, კერძოდ: ევროინტეგრაციის სამინისტრო შესაძლოა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთდეს; შერიგების და დიასპორის სამინისტრო შესაძლებელია რეორგანიზდეს დევნილთა სამინისტროსთან მიმართებაში; შესაძლებელია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მიმართებაშიც რეორგანიზაციის გაკეთება, მათ შორის დასაშვებია ეკონომიკის ბლოკის სამინისტროებშიც გარკვეული გაერთიანებები მოხდეს“, – განაცხადა კაციტაძემ.

მამუკა კაციტაძის განმარტებით, რეორგანიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც პარლამენტში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრუქტურებშიც.

„ეს არ უნსდა ეხებოდეს მხოლოდ მინისტრთა კაბინეტს და სამინისტროებს, არამედ უწყებებსაც, მათ შორის პარლამენტს, კომიტეტებს და რა თქმა უნდა, ეს უნდა ეხებოდეს ადგილობრივ თვითმმართველობის აღმასრულებელ სტრუქტურებსაც“, – აღნიშნა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს იქნება მეზობელი ხალხის ღალატი”, – ნაციონალური მოძრაობა რუსეთისთვის კადიევის გადაცემის შესახებ
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა