მინდია ჯანელიძე : წითელაშვილი არც ერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, თავდაცვის უწყებიდან სამხედრო ინფორმაციის შესაძლო გაცემის საქმესთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში კონკრეტული პირების მხრიდან იყო გადაცდომები და ტრისტან წითელაშვილი სამხედრო ბაზაზე მასთან შეუთანხმებლად შევიდა, თუმცა ჯანელიძის თქმით, ეს არ იყო საიდუმლო ობიექტი.

“ეს არის აბსურდული ბრალდება. ეს გავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე რამე საქმეზე ლაპარაკს, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძნელია, თუმცა ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე და მეორე ბრალდება, რაც ჩემი მისამართით იყო, არის რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ ყოფილა. ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე გადაცდომა ჩაიდინა, ყველამ შესაბამისად აგო პასუხი. დანაშაულზე არ იყო საქმე, იყო გადაცდომაზე საქმე, ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა. იყო სარეჟიმო წესების დარღვევა და ამ დარღვევაზე აგეს პასუხი,” – აცხადებს მინდია ჯანელიძე.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი პროკურატურისთვის საქმის გადაცემის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან თვლის, რომ საქმეში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული. მან განმარტა, რომ ეს იყო წესების დარღვევა, გადაცდომა, რაზეც გენერალურმა ინსპექციამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება.

banner
წინა სტატიაშისასაზღვრო პოლიციამ სადახლოში კოდეინის შემცველი 120 აბი ამოიღო
შემდეგი სტატიაბორჯომში აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება