საქართველოს შს მინისტრის მოადგლე შალვა ხუციშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურისთვის ნასამართლეობის ცნობის გაცემის დაგვიანებას გოგოჭურის რამდენჯერმე ნასამართლეობის უკავშირებს.
როგორც ხუციშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომსახურების სააგენტო დაჩქარებული ვადაში არ გასცემს ნასამართლეობის ცნობას, არის შემთხვევა, როცა პირი არის მრავალჯერ ნასამართლევი, ყველა განაჩენი არა რის ადგილზე, რათა დაითვალონ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაქარწყლებულია ნასამართლეობა, ნასამართლეობა კი, ითვლება ყოველი განაჩენიდან.
„გოგოჭურის შემთხვევაშიც, იმის გამო, რომ ეს პირი რამდენჯერმე არის ნასამართლევი და ამ პირის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი, ყველა განაჩენი უნდა შეიკრიბოს, გადაიგზავნოს შსს-ში სასამართლოდან, რომ მოხდეს ნასამართლეობის გაქარწყლების გამოთვლა. როდესაც იქნება ყველა განაჩენი. შემდეგში უკვე ზუსტად დაითვლის მომსახურების სააგენტო, გაუქარწყლდა, თუ ისევ ნასამართლევია პირი“,-აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც მინდია გოგოჭურს შეეხებოდა, რამდენიმე კანონდარღვევა იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მინდია გოგოჭურის საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა.
„შსს-ს განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, პირდაპირ ვიტყვი, რომ იყო პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დარღვევა, როდესაც სამინისტრომ განაცხადა, რომ მინდია გ. არის სამჯერ ნასამართლევი – ეს ერთი კანონდარღვევა, მას არ ჰქონდა ამის თქმის უფლება. მეორე – მინდიამ უკვე მესამე დღეა, რაც მიმართა შსს-ს და ითხოვს ძალიან მარტივ რამეს, ნასამართლეობის ცნობას. მან გადაიხადა საფასური, რომ ნაჩქარევად მიეღო ცნობა. ერთ საათში უნდა მიეღო ცნობა, თუმცა დღემდე არ მიუღია – ესეც მეორე კანონდარღვევა.“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.