მინდელის შახტი – ტრაგედიის რეალური მიზეზები

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, დღეს, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტის, რევაზ სტურუას ინიციატივით, სამთო საზოგადოების წევრები, სამთო დარგის მეცნიერები და სპეციალიტები, დარგის ექსპერტები, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ქვანახშირის შახტებში დასაქმებულები საგანგებოდ შეიკრიბნენ. სამთო დარგის სპეციალისტთა შეკრების მიზანი იყო საქართველოში, კერძოდ კი ტყიბულში, მინდელის ქვანახშირის შახტში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების განხილვა, შეფასება და რეზოლუციის სახით,  რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება-მიღება, რასაც სამთო საზოგადოება უახლოეს მომავალში  საქართველოს მთავრობას გაუგზავნის. განხილვის შემდეგ, სამთო დარგის სპეციალისტებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც 12 ძირითადი რეკომენდაციისაგან შედგება.

გვესაუბრება, გელა მაჩაიძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო-კვლევითი საპროექტო ცენტრ „სამთო-გეოლოგ პროეტის“ ხელმძღვანელი, ტყიბულის „ჯი აი ჯი ჯგუფის“ მინდელისა და ძიძიგურის შახტი-უბნის ყოფილი ტექნიკური დირექტორი:

– თითქმის სამი წელი და რვა თვე ვიყავი ტყიბულის „ჯი აი ჯი ჯგუფის“ მინდელისა და ძიძიგურის შახტი-უბნის ტექნიკური დირექტორი. რას ნიშნავს ეს? ტექნიკური დირექტორი განაგებს ყველა საკითხს შახტში, ის მართავს უსაფრთხოებას. ამ თანამდებობის პარალელურად, გახლდით ადგილზე ტექნიკური განვითარების საბჭოს, შემდეგ კი პერსპექტიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე. გახსოვთ, მუშების გაფიცვა რომ მოხდა, ხელფასების მომატებას რომ ითხოვდნენ, რასაც მოჰყვა გენერალური დირექტორის შეცვლა. ამ დროს მითხრეს, რომ მიმდინარეობდა რესტრუქტურიზაცია, არ სჭირდებოდათ ტექნიკური დირექტორი, ჩამომართვეს უსაფრთხოების სამსახური და ამ სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს სხვა, მე პერსპექტიული განვითარება, ტექნოლოგიური განყოფილება და სამარკშეიდერო-გეოლოგიური სამსახური ჩამაბარეს.

– მოკლედ, ახალი სტრუქტურა შექმნეს. რამ გამოიწვია გაყოფა? ხომ არ იყო მიზეზი ის, რომ თქვენ ვერ უზრუნველყოფდით უსაფრთხოების დაცვას?

– 2015 წელს, მინდელის სახელობის შახტაზე მოხდა ავარია, აფეთქება. მითხრეს, რომ შახტშიც იყო ხანძარი, რომლის მართვა იყო შეუძლებელი, მთავარი ინჟინერი ვეღარ მართავდა სიტუაციას, ამიტომ ჩავერთე საქმეში და უშუალოდ მე გავეცი განკარგულება, შახტიდან გამოეყვანათ პერსონალი, გადაეკეტათ ჰაერის შესასვლელები, რათა მომხდარიყო ხანძრის „მოგუდვა“. უბნის უფროსს ვუთხარი, აუცილებლად გამოეყვანათ შახტიდან ყველა მუშა და დაეწყოთ უბნის იზოლაცია.

– ე.ი. უბანი უნდა გაუქმებულიყო?

– დიახ, ძალიან დიდი ხანძარი იყო. ხანძარმა ჰაერის ჭავლი უკან დააბრუნა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იქ უკვე აღარ შეიძლებოდა ყოფნა. ხანძარს აქვს ასეთი თვისება, როდესაც ჟანგბადის „შიმშილს“ დაიწყებს ის ნელ-ნელა იწოვს დარჩენილ ჰაერს და ისე ჩანს, თითქოს გამოსწორდა მდგომარეობა, თითქოს ის არაა საშიში. აი, სწორედ ასეთ დროს, თვითნებურად, მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა არ შესულიყვნენ შახტაში, მაინც შევიდნენ მუშები და დაიწყეს ღია ცეცხლის წყლის ჭავლით ჩაქრობა. ამ დროს მეთანი გააქტიურდა და გამოიწვია აფეთქება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იქ შესვლა, ჟანგბადი ბოლომდე უნდა ამოწურულიყო, სხვა ვერაფერი ჩააქრობდა ხანძარს. ამ დროს უბანში შესვლა არაფრით არ შეიძლებოდა.

– ვინმემ შეცვალა თქვენი ბრძანება?

– არა. ჩემი სტუდენტობის მეგობარი დამეღუპა მაშინ, არაჩვეულებრივი სამთოელი. იმის ინსტინქტმა, რომ დახურვას გადაერჩინა უბანი, შეიყვანა მუშები იქ. უბანში 85 კაცამდე მუშაობს, უბნის დახურვა გარკვეული პერიოდით მათ უმუშევრობას გამოიწვევდა, ამიტომ იფიქრეს, რომ ღია ცეცხლის ჩაქრობას შეძლებდნენ. შევიდნენ და მოხდა აფეთქება, 6-მა მიიღო დამწვრობა, ჩემი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო მიღებულ დამწვრობას და რამდენიმე კვირის შემდეგ გარდაიცვალა. გადარჩენილების უმეტესობა დღესაც შახტში მუშაობს. მოკლედ, ეს პროცესი რომ მოხდა, დამფუძნებელი ბატონი დავით ბეჟუაშვილი ჩამოვიდა და ყველას სათითაოდ შეგვხვდა. მიზეზების გამოკვლევის დროს მას ვუთხარი, რა ბრძანებაც გავეცი და მკითხა, რატომ არ დაგიჯერესო. მეც ვუპასუხე, ალბათ ჩემი ავტორიტეტი არ ეყო, სხვა რა ვთქვა არ ვიცი-მეთქი. ალბათ, ეს იყო საფუძველი იმისა, უსაფრთხოების დაცვის საკითხებს რომ ჩამომაშორეს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამოცდილი ადამიანი მიიყვანეს უსაფრთხოების საკითხებში.

– კარგით, წამოსვლის მიზეზი რა იყო?

– რესტრუქტურიზაცია მიდის და არ გვჭირდება ტექნიკური დირექტორის შტატი, რადგან გვყავს წარმოების დირექტორიო. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ მიზეზი ეს არ იყო. საქმე ისაა, რომ მე დავუპირისპირდი ისეთ ტექნოლოგიებს, რომლის შემოტანაც უნდოდათ და მიუხედავად იმისა, რომ ძვირადღირებული და თანამედროვე იყო, ის არ და ვერ გაამართლებდა. პირდაპირ განვაცხადე, რომ ამ ტექნოლოგიებს არ ვეთანხმებოდი, ეს იყო ჰორიზონტალური შრეებით დამუშავებული ტექნოლოგიები, მექანიზირებული კომპლექსის დანერგვით. როდესაც კომპლექსურ მექანიზაციას ნერგავ სადმე, თავის პირობებს მოითხოვს. კომპლექსური ტექნოლოგია ლითონტევადია და თავისი ველი უნდა ქონდეს, გასაქანი თუ არ გაქვს, მონტაჟის და დემონტაჟის სამუშაოები მოგკლავს, სხვა სამუშაოს თავი რომ დავანებოთ. ველი სულ 300-400-მეტრიანი იყო, ესეც რომ არა, არც გეოლოგია ჰქონდათ წესიერად შესწავლილი. მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ ეს ძალიან აშლილი საბადოა, სადაც ძალიან რთულია კომპლექსური მექანიზაციის დასანერგად ველების გამოყოფა. ეს ვიცოდი და ვთქვი. მე მხოლოდ სამთოელი ვარ, ტყიბულის შახტები ვიცი ზეპირად, აქ რთულია მუშაობა, სადოქტოროც კი ტყიბულის შახტებზე მაქვს დაცული. გამზარდა უდიდესმა სამთოელმა, ალიოშა მიქელაძემ, ის იყო ჩემი სადოქტორო კვლევის ხელმძღვანელი, 7 წელი არ დამაცვევინა დისერტაცია ბატონმა ალიოშამ, შახტიდან არ მიშვებდა მაღლა, კარგად რომ გავრკვეულიყავი ყველაფერში, 40 წელი ვიმუშავე და ვთლი, რომ პროფესიონალი ვარ. ამიტომ, როცა წავედი ამ ტექნოლოგიის წინააღმდეგი, ზუსტად ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი.

– ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია ვერ დაინერგება?

– არა, ასე არ არის. ახალი ტექნოლოგიის დანერგვა სირთულე არაა, მაგრამ უნდა შეუსაბამო გარემოს, სამთო-გეოლოგიურ და სამთო-ტექნიკურ პირობებს. ის ტექნოლოგია, რომელიც ახლა მუშაობს გრიგოლ წულუკიძის დროიდან მოდის, ეს არის დამუშავების სვეტური მეთოდი ჭერისეულის გამოშვებით. ყველაზე სიციცხლუნარიანია ეს ტექნოლოგია. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მარტივია, შედარებით იაფი ჯდება მოპოვება, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით – რთულია. მოპოვების პერიოდში არაა რთული, შემდეგ მოსდევს სირთულე.

– თუ თანამედროვე ტექნოლოგია არ ესადაგება…

– არა, მე მივეცი თანამედროვე ტექნოლოგია, რაც ესადაგება შახტს, იმ პირობებს, რაც იქ არის. ამ ტექნოლოგიით ნახშირი უნდა წამოვიდეს თვითგორვით. აი, ეს არის უმთავრესი, რომ ააფეთქებ, მადანი იშლება და დაფხვიერებული თვითგორვით მოდის.

– სირთულე რაში მდგომარეობს, ვერ გავიგე?

– შენ უნდა შეხვიდე შახტაში, მოტენო, ააფეთქო, დასანგრევი უნდა გაანიავო, დაიცვა სამუშაო სივრცე – აი, ეს არის სირთულე. ეს არის ტყიბულის ცენტრალური ველები, სადაც დახრის კუთხე 25 გრადუს აღემატება. სულ ამ ველების სივრცე გავრცელებით 500-800 მეტრია, სადაც ამ ტექნოლოგიით შეიძლება იმუშაო, სხვაგან ამ ტექნოლოგიით მუშაობა არ შეიძლება.

– და თუ მაინც იმუშავებ?

– მაშინ ხელოვნურად უნდა მისცე დახრა, რასაც შეიძლება სხვა სირთულე მოჰყვეს. სხვათაშორის, ახლა მუშაობენ ხელოვნურ დახრაზე, რათა მეტი ნახშირი წამოსულიყო, ეს ტექნოლოგიური დარღვევაა.

– სადაც ახლა აფეთქება მოხდა, ხელოვნულ დახრაზე მუშაობს, ამას მეუბნებით?

– დიახ. აპრილში ექვსი კაცი დაიღუპა, ახლა ოთხი. ერთი და იმავე უბანში ხდება ეს უბედურება, მეათე ველში, პირველ უბანში.

– დახრის კუთხე შეცვლილი რომ არ ყოფილიყო?

– გამოკვლევა უნდა, რამდენად იმოქმედა ამან, მაგრამ დარღვევაა. იქ ნახშირის საბადოს დამუშავების სპეციალური სტანდარტია, რომლიდან გადახვევაც არ შეიძლება. სტანდარტი გეუბნება –  იმ დახრის კუთხეში, იმ ველში, ასე უნდა იმუშაო, მაგრამ ეს რთულია, მეტი შრომა უნდა, მეტია თვითღირებულება და შენ რომ გინდა მარტივად ამოიღო ნახშირი, ამას შახტა არ გაპატიებს, იმიტომ, რომ იქ ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ჩემი აზრით, შახტა უნდა იყოს გასამხედროებული ობიექტი, სადაც აბსოლუტურად ყველა წესი იქნება დაცული, დისციპლინა კი – მაღალ დონეზე. სტანდარტები, უსაფრთხოების წესები მაღაროელების სისხლითაა დაწერილი, მრავალი კვლევის საფუძველზე და ამის დარღვევა… რა თქმა უნდა, ზუსტად ისე ვერ იმუშავებ, როგორც ნახაზებშია, მაგრამ უნდა იცოდე, რა დონემდეა დასაშვები დარღვევა, მსხვერპლი რომ არ გამოიწვიო. შუალედის დაჭერა უჭირთ ხოლმე.

– ბეჟუაშვილი ამბობს, რომ შახტი წამგებიანია, მოგებაზე არასდროს გავსულვართო…

– 2015 წელს, როგორც მახსოვს, გავედით მოგებაზე. ისე, შახტი არ არის ის ბიზნესი, სადაც კაცმა შეიძლება დიდი ფული იშოვოს.

– როგორც ვიცი, ცემენტში გამოიყენება ნახშირი…

– არა, ასე მარტივად არ არის საქმე. ნახშირის ფერფლი, მტვერი 20%-მდე შეიძლება გამოიყენო ცემენტში, რაც ცემენტის ხარისხს მაღლა წევს, ეს ახასიათებს ტყიბულის ნახშირს. შემოიტანეს სხვა, მაგრამ ისეთი კარგი შედეგი არ მისცა, როგორსაც ტყიბულის ნახშირი იძლევა. ტყიბულის ნახშირები უფრო ცხიმიანია, უფრო სხვა შემადგენლობა აქვს, ერთადერთი უარყოფითი ისაა, რომ გოგირდის შემცველობაა დიდი. თუ არ გაფილტრავ, დიდ ზიანს აყენებს ეკოლოგიას, სხვა მხრივ არაჩვეულებრივი ენერგეტიკული რესურსი გვაქვს, სუფთა ნახშირი არის  400 მილიონ ტონამდე.

– ესე იგი, დღეს რომ ინვესტორი ამბობს, შახტი მოგებაზე არ გასულაო, გამოდის ცემენტში გადადიოდა მოგება ფერფლის სახით.

– სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, შახტი დიდად მომგებიანი არაა, მაგრამ… ერთი უბანი რომ მოამზადო, სადღაც 2-3 მილიონამდე ლარი ჯდება, როდესაც დაარღვევ ტექნოლოგიას შენი უცოდინარობით, დაუდევრობით და დაწვავ ამ უბანს, ეს ყველაფერი აწვება შახტს.

– რას ნიშნავს უბნის დაწვა?

– ხანძარი მოხდა. ჩემს დროს ძიძიგურის შახტი-უბანში გაჩნდა ხანძარი და დავხურეთ, იქ მუშაობა არ შეიძლებოდა. როდესაც ხანძრის გამო უბანს ხურავ, თვეები სჭირდება, რომ შეხვიდე და აღადგინო. 85 კაცი მუშაობდა მხოლოდ უბანზე და ფაქტიურად უმუშევრები დარჩნენ, ეს ადამიანები ფასიან შვებულებაში გაუშვეს, ვისაც ფასიანი შვებულება გამოყენებული ჰქონდა, სხვადასხვა უბანზე დაასაქმეს.

– თქვენს დროს რომ ავარიები ხდებოდა…

– 2010 წელს მოხდა ავარია, დაიღუპა ადამიანი, ამ ავარიის სახელმწიფო კომისიის წევრი გახლდით. ხდება ავარიები ბუნებრივი მოვლენის გამოც. არის  „სამთო დარტყმა“, რა დროსაც პროგნოზირება ჭირს. რა ავარიებიც კი მომხდარა, არც ერთ შემთხვევაში „სამთო დარტყმას“ არ ჰქონია ადგილი. ყველა მათგანი გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით – უცოდინრობით და დაუდევრობით. 2010 წელს, რომ მოხდა ავარია, „პუსკატელს“ არემონტებდნენ და ჩართეს ვენტილიატორი, ვენტილიატორმა „წამოიღო“ გაზი, ნაპერწკალი წარმოიშვა, აფეთქდა და ვინც იქ მუშაობდა, ყველა დაიღუპა. ჩემ დროს რომ აფეთქება მოხდა, ვუთხარი, არ შეხვიდეთ და მაინც შევიდნენ. დიახ, ხანძრამდე არ უნდა მიიყვანო სიტუაცია და უნდა აკონტროლო…

– როგორ?

– აქამდე არ იყო, ახლა დაუნერგავთ… პერიოდულად უნდა მოხდეს სინჯების აღება. აპრილის ტრაგედიის შემდეგ დანერგეს, ეს არის კონტროლის მექანიზმი, გიჩვენებს მეთანის დაგროვების დონეს და განიავების საჭიროებას. უბნის  ერთ-ერთმა ათისთავმა მითხრა, რომ როდესაც ის მივიდა შესამოწმებლად, ავტომატურმა გაზის საზომმა ხელსაწყომ უჩვენა, რომ მეთანის დონე 5% იყო, 8-9%-მდე რომ მივა, უკვე ძალიან საშიშია, ყველაფერი განადგურდება. ადგილზე დამონტაჟებული აპარატი კი აჩვენებდა 0,4-0,5%-ს. უბნის ათისთავმა განგაში ატეხა, რატომ აჩვენებს განსხვავებულ მაჩვენებელს ორი არარატიო,  მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს ფაქტი ყურად არ იღეს.

– ე.ი. გამოდის, რომ სპეციალურად იყო დაზიანებული აპარატი? ამ დასკვნამდე მოცემულობამ მიმიყვანა, თორემ ისე აპარატის გაფუჭება ბუნებრივადაც შეიძლება მომხდარიყო.

– მკვლელობაზე ბრალის დადება ასე ხელაღებით არ შეიძლება.

– ბრალს არც არავის ვდებთ, უბრალოდ, თუ ადამიანმა თქვა, რომ საგანგაშო მდგომარეობა იყო და ამას ყურადღება არავინ მიაქცია, სხვა რა ვიფიქრო, არ ვიცი. ხელფასი მართლა სამასი ლარია?

– არა, სადღაც 800-1200 ლარამდე გამოდის. რა თქმა უნდა, ეს მეშახტის შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ არის.

– გამოსავალი არის დახურვა?

– ყველაზე ცუდი გამოსავალია. ახლა რომ ამბობენ, დავხუროთ შახტები და მოხდეს მათი კონსერვაცია – ეს ყველაზე ცუდი გამოსავალია, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უშველებელი ზარალია, რაც ახლა ხდება. კონსერვაციაზე გადაყვანის პირობებშიც ვენტილაცია აუცილებლად უნდა ამუშაო, გაზი რომ არ დაგროვდეს, ვენტილაციას თუ არ ამუშავებ,  ნახშირები, რომელიც თვითწვის მიდრეკილებისაა, ჩახურების პირობებში ხანძარს გამოიწვევს, მეთანი სადღაც დაგროვდება და აფეთქდება და ჯაჭვური რეაქციით გავრცელდება. კონსერვაციის და იზოლაციის დროს უნდა ჩააყენო ზღუდარები, მაგრამ აბსოლუტურად რომ არ სუნთქავდეს, ასეთი ზღუდარი არ არსებობს, ამიტომ, როცა შედიხარ იზოლირებულ უბანში, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, იქ აუცილებლად იქნება ჩახურებები, ხანძრის გაჩენის საშიშროება და თუ შედიხარ და არის ინკუბაციის პერიოდი, შეიძლება ერთ კვირაში ცეცხლი გაჩნდეს.

– ამ ყველაფერს არ ჯობდა, როცა იმ ადამიანმა თქვა, მაჩვენებელი არეულიაო, რაიმე მოემოქმედებინათ?

– საგანგებოდ უნდა განეხილათ, მრავალი მილიონი დაჯდა ეს კონტროლის საშუალებები და თუ არ მუშაობს, რატომ არ მუშაობს, ეს ხომ უნდა გარკვეულიყო. არავინ არ მიიღო ზომები.

– მენეჯმენტი გადადგა.

– უნდა გადამდგარიყვნენ, მიუხედავად იმისა, როცა კაცი დამეღუპა, ჩემი ბრალი არ იყო, სიტყვა არ მითქვამს, როცა მითხრეს წადიო. იცით რაზე მწყდება გული? ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა – „მკვლელი შახტი“, შახტი არის სასაკლაო. ეს არ არის სწორი მიდგომა, მიიწვიე სპეციალისტი და ჰკითხე, თუ არ იცი, ეს არაა სირცხვილი. მე პირიქით ვამბობ – ესენი არიან შახტის მკვლელები, ვინც არ იცის და მაინც მართავს პროცესებს. შახტი არ არის მკვლელი, საუკუნეებია, რაც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხდება, შახტი გვარჩენს და თან ამიერკავკასიის მასშტაბით მსგავსი მარაგი არსად არ არის. გეთანხმებით, რთულია მუშაობა, მაგრამ შახტი მკვლელი არ არის! მე შევთავაზე ტექნოლოგია, მსოფლიოს 22 ქვეყნიდან გვყავდა ჩამოყვანილი მეცნიერები და ყველამ მოიწონა. ციმბირის შახტებია ანალოგიური, სადაც მუშაობენ ანალოგიურ პრობლემებზე და გვითხრეს, რომ ეს ტექნოლოგია ეჭვს არ იწვევდა, პროექტი გააკეთეს ჩვენი ტექნოლოგიების მიხედვით, მაგრამ… ჩამოჰყავთ უკრაინელები, ჩეხები, დევს ჩეხების პროექტი, მტვერი ედება, არადა, სადღაც მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. გაკეთებული აქვთ უკრაინელებს პროექტი, შემოდებულია თაროზე. იმიტომ, რომ მოპოვების ტექნოლოგიის საკითხები ზუსტად არ არის გადაჭრილი. ბოლოს კი ისეთ ტექნოლოგიაზე დაიწყეს საუბარი, რომელიც არ გაამართლებდა, ვთქვი ეს და წამოვედი კიდეც.

– სახელმწიფოს დაქვემდებარებაში რომ იყოს, კიდევ ვიფიქრებდი, სულერთია რაში გადაიხდიან ფულს, მთავარია მეტი „მოტეხონ“-მეთქი და კერძო სექტორშიც ასე თუ იფლანგებოდა ფული, ამას ვერ წარმოვიდგენდი. როგორ არიან მილიონრები, საინტერესოა.

– კერძოა კი, მაგრამ მრჩევლები ჰყავთ „საუკეთესო“. იქ ერთი კაცი იყო ჩამოსული, რომელმაც თქვა, რომ გავაკეტებ ნახვრეტს, საიდანაც ნახშირი თავისით წამოვაო. თავიდან თვითღირებულება 99 ცენტი იყო, მერე გახადა 2 დოლარი და მთელი 5-6 თვის განმავლობაში იყო ერთ ამბავში და რა? – არაფერი. ხელფასს კი იღებდა. მე რომ ვთქვი, ეს არ გაამართლებს-მეთქი, დამიჯერა ვინმემ? ათასგვარი „ტექნოლოგია“ „გამოიგონა“, ბოლოს უთხრეს, აჰა, ფული, წადი და ვინმეს დაამზადებინეო, ისეთ ტექნოლოგიაზე დაიწყო ლაპარაკი, რომელიც ბუნებაში ვერ იარსებებს, მაგრამ ბიზნესმენს რომ ეტყვი, 2 დოლარი დაგიჯდება მოპოვება იმ დროს როცა 1 ტონა ნახშირის მოპოვება 20 დოლარი გიჯდებაო, მე დამიჯერებდა? ასეთი იყო ბევრი შემთხვევა.

– მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის და მადლობა სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ინტერვიუს ორგანიზებისათვის.

 

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორი სტრასბურგში მიემგზავრება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე გარემოსდაცვითი კონცეფციის – „მწვანე ეკონომიკის“ პრეზენტაციას გამართავს