მინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, „ფეიკ- ნიუსების“ შეთხზვას და გავრცელებას თავი დაანებონ – გიგი წერეთელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ფრაქცია “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავჯდომარე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს სოციალური ქაელით გამოეხმაურა

“გუშინ, „იმედის“ ეთერში „ოცნების“ წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, ძალიან იწვალა, რაღაცით გაემართლებინა შეთხზული ვერსია 2016 წელს , ჩემი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთის დელეგაციის თითქოსდა მხარდაჭერის შესახებ. პარლამენტში პათეტიკური გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი.. ეს რომ ტყულია, მთელმა მსოფლიომ იცის. ის არჩევნები წავაგე სულ 11 ხმით, სწორედ რუსეთის დელეგაციის და მათზე უარესად, საქართველოს ხელისუფლების მავნებლობის შედეგად.

გადაცემის წამყვანიც კი რამდენჯერმე ეცადა , რამე ლოგიკური წამოეცდენინებინა მისთვის, მაგრამ არ გამოუვიდა, და არც არავის გამოუვა, როცა ტყუილებზე აგებ ასეთ კამპანიას.

მერე თქვა წლები ამერიაო, არ ვიცნობ გიგი წერეთლის ბიოგრაფიას ასე კარგადო ( ცუდია😴). როცა ჟურნალისტმა კითხა, აგერ რუსეთის დუმის სპიკერის და სხვა ლიდერების იმდროინდელი განცხადებებია,- არ ვუჭერდით მხარს გიგი წერეთელს და კარგია რომ წააგოო, ამაზეც პასუხი საიდან უნდა ჰქონოდა? ადგა და პარლამენტში გამოსვლისგან განსხვავებით, არა რუსული სახელმწიფო სააგენტო, არამედ, ამჯერად, ქართული წყარო მოიშველია.

აქ ჩემი ერთი ფრაზა ამოიჩემა – „ასამბლეის მომავალი პრეზიდენტისთვის, ყველა დელეგაციის მხარდაჭერა კარგი გზავნილია“. ოღონდ, აღარ გაუგრძელებია რა კონტექსტში ითქვა ეს ზოგადი ფრაზა. ამის გაგრძელება კი ის იყო, რომ თუ რუსეთის დელეგაციის წევრებს მხარდაჭერა უნდათ, ეს ნიშნავს, მათ უნდათ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია,ანექსიის შეჩერება, დაევნილების დაბრუნება და ეს ძალიან კარგია.

მგონია, ოდნავ გონიერი ადამიანი მიხვდება ამ ირონიის შინაარსს და პასუხს რუსეთის რამდენიმე დეპუტატის მიერ გავრცელებულ „ფეიკ-ნიუსზე“, რაც დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებასთან იყო კოორდინირებული.

და რუსეთის დელეგაციის რომელიმე ოდიოზური წევრი თუ არ უნდა შემოეშვათ, ახლა რომ ამბობენ, ეს ხომ მათი გადასაწყვეტი იყო, ხომ „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში 2016 წელს? მაგრამ მაშინ აწყობდათ მათი აქ ყოფნა, სწორედ ჩემი კანდიდატურის ჩასაგდებად. მათი ლობისტებისთვის მიცემული დავალებებიც გამახსენდა.

ამიტომ, ტყუილების ლაპარაკს აზრი არ აქვს და ვერც შედეგს მოიტანს.

როგორც ევროპის სახალხო პარტიის კანდიდატი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 2016 წლის შემდეგ 2 ჯერ ამირჩია, ბერლინში ერთხმად და შემდგომ , ლუქსემბურგში, მძიმე არჩევნებში , გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან კონკურენციაში, ფარული კენჭისყრით, 400 მდე დელეგატს შორის. რუსეთის წინააღმდეგობა ყოველთვის დიდი იყო და დემარშებს აწყობდნენ ჩემი პრეზიდენტობის და ასამბლეის მიერ მიღებული პრინციპული რეზოლუციების გამო საქართველოს თუ უკრაინის მხარდასაჭერად.

ეს ქართული დელეგაციის „ოცნების“ წევრებმაც კარგად იციან და ყველაფრის ვიდეო არქივებიც არსებობს. თუ რუსული პრესის კითხვა მოწონთ, ნახონ დამოკიდებულება და რეაქციები ამ ამბებზე, მითუმეტეს, როცა ასე ჯერათ მათი რუსი კოლეგების განცხადებების. ასევე, გამოაქვეყნონ ეუთო-ში მიღებული რეზოლუციები , თუნდაც 2016 წელს და შემდგომ წლებში, რომელიც სწორედ რუსებთან დიდი ბრძოლის შედეგად მივიღეთ.

ბოლოს, მინდა ვურჩიო მდინარაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს- ამ „ფეიკ- ნიუსებს“ ხშირად რომ ახსენებთ და ვითომ ებრძვით, თქვენ რაღას თხზავთ და ავრცელებთ?

და ამაში ხალხის ფულს ხარჯავთ თან. ეს „ენერგია“ და „შემართება“ სწორი საქმეებისთვის რომ მოგეხმარებინათ 8 წლის განმავლობაში , ჩვენი მოსახლეობა ასეთ უიმედობასა და სიდუხჭირეში არ იქნებოდა ნამდვილად..” – გიგი წერეთელი

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე კობაიძე – სამარცხვინოა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოქმედ სპორტსმენებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ