„მინდა, რომ სახელმწიფომ ეპიდემიოლოგებს დაუჯეროს“ – კულუმბეგოვი

„სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ წესები დააწესოს. პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გამოცხადდეს. ამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგებს მინდა, რომ სახელმწიფომ დაუჯეროს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ექიმის თქმით, ჰოსპიტალური სექტორის ლიმიტი ამოუწურავი არ არის, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც კი, რომელიც მაღალგანვითარებულია.

კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ჰოსპიტალურ სექტორში მოხვედრის კრიტერიუმები უნდა გამკაცრდეს.

„ულიმიტო შესაძლებლობები არც ჩვენს და არც მაღალგანვითარებული ქვეყნების ჰოსპიტალურ სექტორს არ გააჩნია. სად გადის ჩვენი ზღვარი ეს რა თქმა უნდა არ არის რთულად გამოსაცნობი. ახლა არის ქვეყანაში უპრეცედენტო რაოდენობით აქტიური შემთხვევები, ეს არის 37 ათასი, 6000-ზე მეტი ადამიანი კლინიკაშია. შეიძლება ამ საკითხზე ვიდაოთ და ალბათ უნდა გამკაცრდეს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, რომ ადამიანები, რომლებიც არ საჭიროებენ ჰოსპიტალში მოთავსებას, ამ შემთხვევაში ეს სერიოზული განსჯის საკითხი უნდა იყოს“, – აცხადებს კულუმბეგოვი.

კულუმბეგოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 5000-მდე ავიდა, სავარაუდოდ 7-8 დღეში ლიმიტი სრულად იქნება შეზღუდული.

„კოვიდსასტუმროები ერთ-ერთი გამოსავალია. თუ ეს საკითხები არ დალაგდა, შემთხვევების რაოდენობა 5000-მდე თუ ავიდა, რა თქმა უნდა ჰოსპიტალური სექტორის ლიმიტი ამოწურულია. როგორც თამარ გაბუნიამ თქვა 8000 საწოლის მობილიზება არის შესაძლებელი. 7-8 დღეში ალბათ ჰოსპიტალური საწოლების ლიმიტი სრულად იქნება შეზღუდული. იმისთვის, რომ ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არ დავდგეთ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება პანდემიის მართვას, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ პანდემიის ასინქრონულ და არასისტემურ მართვის პრინციპს აქვს ადგილი.

„პრაქტიკულად არ ვიცით, რა ტიპის მართვასთან გვაქვს საქმე. პანდემიის სრულიად ასინქრონული, არასისტემური მართვის პრინციპია. რაღაც ეტაპზე ერთს ვიყენებდით, მეორე მეორეზე გადავედით. სადღაც დერეგულაცია მოხდა, ჯარიმები ყველას ჩამოაწერეს. ვემხრობი არადრაკონული შეზღუდვების დაწესებას. სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ წესები დააწესოს. პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გამოცხადდეს. ჩვენ ახლა ბალანსი უნდა ვიპოვოთ და ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ეპიდემიოლოგებს მინდა დაუჯეროს“, – დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტი” აბიტურიენტებს მიმართვას
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პირადი ცხოვრებით შანტაჟი! ჩემთვის ეს სიბინძურის და ამორალურობის მაჩვენებელია“