“მინდა მჯეროდეს, რომ სინოდის გადაწყვეტილება არ არის გუშინ გაჟღერებული შანტაჟის შედეგი” – უსუფაშვილი დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობაზე

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპატრიარქომ მიმდინარე პროცესები თავად უნდა მოაგვაროს.

უსუფაშვილის შეფასებით, ეკლესია უნდა იყოს ინსტიტუტი, რომელიც სათნოებას ასხივებს.

“ძალიან მძიმე პროცესია, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს. საეკლესიო წრეებში იმ ადამიანების მეტი აქტიურობით, ვისთვისაც ასევე მოუთმენელია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბოლო ხანების განმავლობაში. ეკლესია, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტი და ჩვენ გვინდა, რომ ეს ინსტიტუტი ასხივებდეს სიყვარულს, სათნოებასა და შემრიგებლობას და არა იმას, რასაც ვხედავთ ბოლო ხანებში. ამის იქით კონკრეტულად რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს თავად საეკლესიო წრეების გადასაწყვეტია. მე მინდა ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდეს და ეკლესიიდან გვესმოდეს ის, რაც უნდა გვესმოდეს. ამა თუ იმ მეუფეების საკითხები, ეს არის ეკლესიის შიგნით მოსაგვარებელი,” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გარდა ამისა, უსუფაშვილის თქმით, გაუგებარია, რატომ არ იღებდა ამ დრომდე სინოდი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებაზე შუამდგომლობის საკითხს.

“სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ არაცივილიზებული სახელისუფლებო ბრძოლის მეთოდების გავრცელება საეკლესიო წრეებში და იმის კვალობაზე, რომ გაუჩნდა ხალხს რომ პატრიარქს აღარ აქვს კონტროლის საშუალება მთელ სისტემაზე, განვითარდა ის მოვლენები, რაც ვნახეთ. ამას დაემატა ის მოვლენები, რაც ციანიდის საქმეს უკავშირდება. მინდა მყარად მჯეროდეს, რომ სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის გუშინ გაჟღერებული შანტაჟის შედეგი. ასევე არის კითხვა, თუ რამდენიმე ხნის წინ ეს შეუძლებლად მიაჩნდა სინოდს, დღეს რა შეიცვალა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხში პრეზიდენტის დამოკიდებულება. თუ მას სინოდი სთხოვს შეიწყალებს, თუ არ სთხოვს არ შეიწყალებს, არც ესაა სწორი. შეწყალება ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, მან ეს ტვირთი უნდა ზიდოს,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ნორმალურ ქვეყანაში, მეუფე იაკობის განცხადებებზე სასწრაფოდ დაიწყებოდა გამოძიება
შემდეგი სტატია“კონკორდატი იყო იმ ფაქტობრივი მოდელის კონსტიტუციური “გაპრავება”…რაც არსებობდა შევარდნაძესა და ილია მეორეს ეკლესიას შორის ათწლეულების განმავლობაში”