მინდა მივმართო აბიტურიენტებს, – საგანგაშო არაფერია, გამოცდებთან დაკავშირებული კანონპროექტი ტექნიკური პრობლემის გამო ჩავარდა და გუნდის გადაწყვეტილება ძალაში რჩება

ორი მოსმენით, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით აღნიშნულ კანონს ჰქონდა მხარდაჭერა, ამდენად აქ მხარდაჭერის პრობლემა არ გახლდათ, არამედ ტექნიკური პრობლემა იყო”, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის ჩაგდებას, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება ორი შესაძლებლობა.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამ აღნიშნა კიდეც, რომ არსებობს დარბაზში ტექნიკური ხარვეზები აკუსტიკასთან მიმართებაში. ამდენად, ჩვენ გვაქვს ორი შესაძლებლობა. პირველი, არაუგვიანეს 16 აპრილისა დავაყენებთ განმეორებით კენჭისყრაზე.

ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ დღესვე მოგვეცეს შესაძლებლობა რეგლამენტიდან გამომდინარე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს ექნება მხარდაჭერა,” – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ამასთან, ჯაში მოსწავლეებსა და აბიტურიენტებსაც მიმართავს და აღნიშნავს, რომ საგანგაშო არაფერია.

“მინდა მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მივმართო და დავამშვიდო, რომ საგანგაშო არაფერია, აღნიშნულით არ იცვლება ის მოცემულობა და გადაწყვეტილება, რომელიც გუნდს აქვს მიღებული”, – განაცხადა ჯაშმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

banner
წინა სტატიაში„საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად პოლიციას მოსახლეობის 80% სრულად ან ნაწილობრივ ენდობა
შემდეგი სტატიასამეთვალყურეო საბჭო თავის მოვალეობას ხაზარაძე-ჯაფარიძის დომინანტური გავლენის გამო ჯეროვნად ვერ ასრულებდა – კობა გვენეტაძე