მინაშვილის ინფორმაციით #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს “აკაჩავებენ”

უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, რომ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები #17 ბაგა-ბაღის თანამშრომლებს “აკაჩავებენ”, რათა მათ საკუთარი მოსაზრებები ხმამაღლა არ დააფიქსირონ, – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს რეაგირებისაკენ მოუწოდა.

“მოგეხსენებათ, გუშინ, ქუთაისის მერიასთან ბაღის თანამშრომლების აქცია გაიმართა. ისინი ითხოვდნენ, როგორც ხელფასების მომატებას, ასევე უკეთეს პირობებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბაღებში რეფორმების გატარებით ტრაბახობთ, როგორც ვხედავთ, რეალური შედეგი ჯერ არ დამდგარა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მაგალითად, #17 ბაგა-ბაღში მერიის წარმომადგენლები, რომლებიც ბაგა-ბაღებს ზედამხედველობენ, მივიდნენ, როგორც ბაღის გამგესთან, ასევე თანამშრომლებთან და “აკაჩავებენ”, რათა თავიანთი პოზიცია არ გამოხატონ. მინდა მოვუწოდო ადამიანის უფლებათა კომიტეტს, მიხედოს ამ საკითხს, თუმცა სიმართლე გითხრათ, არც ილუზია, არც დიდი იმედი არ მაქვს, რომ რეალურად რაიმე ნაბიჯები გადაიდგმება პარლამენტის ან ხელისუფლების მხრიდან, რათა მსგავსი დარღვევა არ მოხდეს. ამის დასტურია ის სამი წელი, ადამიანების მიმართ ის უდიერი ქცევა, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება ახორციელებს”, – განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიძე პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით მომდევნო სასესიო კვირაში წარსდგება
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტია მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს ბოიკოტი გამოუცხადონ 2016 წლის 28 იანვარს დანიშნულ გარდაბნის გამგებლის ვადამდელ არჩევნებს