მინაშვილი – უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის

უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, როდის ჩაინიშნება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, კონკრეტულ ვადებს ვერ იტყვის. მისივე განმარტებით, ზოგადად პროცესი ვერ იქნება მოკლევადიანი, რადგან პარტია იღებს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის.

შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ისე, რომ არ მოაწეროს ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, მინაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლის ან არშესვლის ყველა ფორმა განიხილება. თვითონ კი, როგორც განმარტავს, არ შეუცვლია პოზიცია და კვლავ თვლის, რომ პარტია პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

„გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან ფართო ჩართულობითა და იმ დემოკრატიული მოდელებით, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს“, – აცხადებს მინაშვილი.

აკაკი მინაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია შემოდგომაზე აქტიურობა იმისათვის, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვალოს.

„ასევე, მნიშვნელოვანია, როგორც მცირე, ისე მსხვილი საპროტესტო აქციები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინიციატივები, რომელიც ყოველთვის ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას” როგორც პარლამენტში, ისე პარლამენტს გარეთ. დღეს ვხედავთ, რომ ჩემი აზრით, ეს პარლამენტი არ არის ის პარლამენტი, რომელიც რეალურ ცვლილებებს განახორციელებს იქიდან გამომდინარე, რომ ის მიტაცებულია „ქართული ოცნების” მხრიდან“, – აცხადებს მინაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, ასეთ მოცემულობაში „ნაციონალური მოძრაობის” მარტო დარჩენასთან დაკავშირებით, მინაშვილი ამბობს, რომ მთავარი პოლიტიკურ პარტია ცვლილებების განხორციელებისთვის ეყრდნობა მხარდამჭერებს.

„ეს არის, რასაც ეყრდნობა პარტია, ამიტომ ჩვენი მიზანია ვიმუშაოთ ჩვენს მოქალაქეებთან, ამომრჩევლებთან. მათ შორის ჩვენს მხარდამჭერებთან, რომელთა ბრძოლის შედეგად „ნაციონალური მოძრაობა” არათუ არ გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ გვემუქრებოდნენ რადარებიდან გაქრებითო, არამედ „ნაციონალური მოძრაობა” უფრო გაიზარდა, ძლიერი გახდა და ხედავთ, რომ გაყალბებული არჩევნების მიუხედავად მთავარი ოპოზიციური პარტიაა“, – აცხადებს მინაშვილი.

რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, რომლებიც თვლიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს, მინაშვილი განმარტავს, რომ მათ პატივს სცემს, თუმცა ამ მოწოდებაზე არდათანხმება არ არის დასავლურ გზაზე აცდენა.

„ხელისუფლების შეცვლის საუკეთესო გზა არის ის, რასაც ჩემი აზრით, მე ვამბობ. უნდა ვიაქტიუროთ მხარდამჭერებთან, მთელი დრო ამას უნდა დავუთმოთ. ასევე უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის, რათა შევქმნათ ისეთი კლიმატი, რომ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვალოს. ასეთ პროცესში მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის მიმართ ამომრჩევლის ნდობა“, – აცხადებს მინაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციას, აქვს თუ არა ასეთ მოცემულობაში აღნიშნული აქციის გამართვას აზრი, მინაშვილი განმარტავს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა მიმდინარეობს და გარკვეულ ცვლილებებზე ფიქრობენ.

ამასთან, დაიწყო თუ არა მსჯელობა იმაზე, რომ ნიკა მელია იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერის თანმდებობაზე, როგორც აკაკი მინაშვილი განმარტავს, ჯერ მსჯელობენ, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, რაც გულისხმობს იმას, ვინ იქნება კანდიდატი და რა ფორმით იქნება ის წარდგენილი. შესაბამისად, მისი თქმით, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ადვოკატი – სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას 21 აპრილს გადმოეგზავნა კითხვები
შემდეგი სტატია12 მაისის თბილისი – თელ-ავივის რეისი არ გადადებულა