მინაშვილი: იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან, ორი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ქვეყანა რომ გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან, ორი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით ცვლილებებამდე და რაც აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თუ კომპრომისებზე არ წავა, შეთანხმება ვერ შედგება.

„მგონია, ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე და ჩვენი მიდგომა არ შეცვლილა. იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს ამ რთული ვითარებიდან, ორი მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით ცვლილებებამდე და რაც აუცილებელია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ რადიკალურ პოზიციებს, ყოველდღიურად უფრო და უფრო რადიკალური ხდება. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის, ახლა რაღაცაზე ხელი მოვაწეროთ, შევიდეთ პარლამენტში და თბილ სავარძლებში ვიმუშაოთ, ჩვენი მიზანი არის ვნახოთ ის გზა, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისი დავძლიოთ. ეს გზა არის ძალიან მკაფიო, ნათელი, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია და არა მარტო ჩვენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნილები არ არსებობდნენ, პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ. მნიშვნელოვანია რეფორმების გატარებაც, ოღონდ ეს რეფორმები აუცილებელია, რათა საბოლოოდ ცვლილება განხორციელდეს და ეს არის ვადამდელი არჩევნები. თუ „ქართული ოცნება“ ამაზე არ წამოვა, ამ კომპრომისებზე არ წამოვა, მაშინ შეთანხმება ვერ მოხდება. პარტიების პოზიცია ყველამ ძალიან კარგად იცით, ოპოზიციური პარტიების მიდგომა არის იმდაგვარი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ვსაუბრობთ ამდენი ხანია. ჩვენი ყველა პარტნიორის პოზიციაა, რომ პოლიტიკური დევნილების და პატიმრების არსებობა ქმნის ძალიან სერიოზულ შეფერხებას იმისთვის, რომ შემდგომ ეტაპზე გადავიდეს მოლაპარაკება, დიალოგი და ეს ბუნებრივიც არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ მთავარი პასუხისმგებელი იმ ვითარებაზე, რაც არის ქვეყანაში, ხელისუფლებაა და ეს ბუნებრივია“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, ამ დოკუმენტით პოლიტიკურ კრიზისს დავასრულებთ – ბაქრაძე
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ არ გათავისუფლდებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა