მსახიობი დავით ბეშიტაიშვილი ეხმაურება პარლამენტში განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მარიამ ლაშხისა და თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებას.
“როდესაც პოლიტიკა უკვე საზოგადოებრივ აზროვნებას უქმნის საფრთხეს, აქ უკვე მე მგონია არამცთუ სცენიდან, არამედ ნებისმიერი შემაღლებული ადგილიდან უნდა ვყვიროდეთ, რომ გადაგვარებისკენ მივდივართ.
მე ჩემი გავაკეთე და აუცილებლად გავაკეთებ კიდევ, სცენა კი არა ყველაზე მაღალ მთაზე ავალ და იქიდან ვიყვირებ. არ მინდა ის საქართველო, მიმიფურთხებია იმ საქართველოსთვის, როგორიც მათ უნდათ, როგორიც “ქართულ ოცნებას” უნდა, როგორიც უნდოდა მათ წინამორბედებს კიდე. ეგ საქართველო აღარ იქნება.
თუნდაც იმაზე საუბარი, რომ ვიღაც პოლიტიკოსები რომ ასწავლიან ე.წ. რექტორებს, როგორ უნდა ასწავლონ თავიანთ სასწავლო დაწესებულებებში, თან ასწავლიან როგორ ჩაახშონ თავისუფალი აზრი, ეს უკვე ბესპრიდელის ბესპრიდელია რა, ბოდიში ამ ჟარგონისთვის, მაგრამ მე არ ვიცი უკეთესი რა უნდა ვიხმარო,” – განაცხადა ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, მსახიობმა დავით ბეშიტაიშვილმა.
















