მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ – პრეზიდენტი

პრეზიდენტის განცხადებით, ნატოს წევრობა ქართველი ხალხის ნათელი არჩევანია. ამ გზაზე საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურა, შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა სტრუქტურა სრული მობილიზაციითა და მიზნის მნიშვნელობის სრული გააზრებით მუშაობს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ნატოსთან მიმართებაში საქართველოს პასუხისმგებლიანი პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორებით და გადაწყვეტილებებით.
საქართველოს მტკიცე მონაწილეობა ნატოს მშვიდობისმყოფელ მისიებში მნიშვნელოვნადაა დაფასებული ჩვენი პარტნიორების მიერ. ნათლადაა დაფიქსირებული საქართველოს მზაობა ჩაერთოს ნატოს ფორმატებში, სადაც საქართველოს როლი უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
“არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს წევრობის პარალელურად საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების დისკუსიებში ადეკვატურია და საქართველო მზად არის ამ თვალსაზრისითაც შეასრულოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო სტაბილურ და დაცულ რეგიონს და სამყაროს მოგვცემს.
წელს მართლაც მნიშვნელოვანი წელია, ჩვენ ველით და ვემზადებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიტისთვის და გვაქვს იმედი, რომ საქართველოს საკითხი იქნება შესაბამისად წარმოდგენილი. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიზნისათვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარეობს საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომი ნატოს და ზოგადად, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენგან კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და პასუხის გაცემას მოითხოვს.
“ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელშიც არა მარტო საქართველოა, არამედ ნატოს წევრი ქვეყნებიც. ჩვენ ყველა ვერთიანდებით იმ მიზნის ირგვლივ, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებულები გავხადოთ იმ სიმართლის, ჭეშმარიტების თაობაზე, რომელსაც ჩვენ ამ ღირებულებებით გაერთიანებული ქართველებიც და ნატოს ჩვენი პარტნიორებიც ვემსახურებით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : პრეზიდენტი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი – რეფორმები, რომლებიც ჩავატარეთ, ორიენტირებულია, რომ გათავისუფლებულმა ადამიანმა დანაშაული აღარ ჩაიდინოს