“მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი” – ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ბათუმელმა მედროშემ, ზურაბ ჭავჭანიძემ სასამართლოში განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დროისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უძღვება.
მხარეები დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
მოშიმშილე პატიმრის განცხადებით, არსებობს საქართველოს გაქრობის გეგმა, რომლის მაგალითებსაც უკვე ხედავს. მისი თქმით, “ყველა რუსი მმართველის ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე”.
მე ვარ სოხუმელი 15 ვაჟკაცი დამეღუპა საქართველოსთვის ბრძოლაში, რომ სულ ყველამ ვიცხოვროთ ბედნიერ და კარგ ქვეყანაში. თავი სასიკვდილოდ მაქვს გადადებული. მილიონამდე ქართველი მოკლეს, ყველა რუსი მმართველის ოცნებაა საქართველო ქართველების გარეშე. მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში და კარგად მახსოვს რომ ყველა საბჭოთა ადამიანები ვიყავით. პრიორიტეტი ყოველთვის გენეტიკური ინჟინერია, ადამიანის ტვინზე ზემოქმედება იყო. დამანახეთ ვინმე ლაღი, თავისუფალი, ბედნიერი ადამიანი, ასეთები საქართველოში აღარ არიან – ან თუ არიან ან სინდისის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი ან კაიფშია.
მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი, არსებობს საქართველოს გაქრობის გეგმაც რომელსაც უკვე მაგალითებად ვხედავთ. ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ მთელი ცხოვრება. ჩემი არსებობა სიკეთე სიყვარული პატიოსნება და კანონმორჩილებაა, საკონსტიტუციოს კედელთან მაქვს დაწერილი ღმერთი სიყვარულია,” – განაცხადა ზურაბ ჭავჭანიძემ.
ცნობისთვის, ზურაბ ჭავჭანიძე უკვე 14 დღეა შიმშილობს.
14-პირიან საქმეში წარმოდგენილნი არიან ზურა ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, სერგო მეგრელიშვილი, გიორგი რურუა, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, გიორგი ქორქია, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, ლაშა ივანაძე, ლევან ჯიქია, სულხან ტუღუში, ხვიჩა გოგოხია და რამაზ მამულაძე.
















