მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელი დაუკავშირდეს ტერორისტულ ორგანიზაციებს

იმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელი დაუკავშირდეს ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათთან კავშირებს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან მისი მხარდაჭერა, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სასამართლოში უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სხდომათა დარბაზში მაჩალიკაშვილის დაკითხვა გამოძიებას არ აძლევდა ხელს.

„გრძელდება მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა ცხრა თვის წინანდელ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ მაშინ უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის საინტერესო მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა. ასევე, უნდა ყოფილიყო დაკითხული თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკითხვისა და ყოველგვარი ინფორმაციის მოპოვების გარეშე არ უნდა მომხდარიყო მისი ლიკვიდაცია და შევარდნა დაკავების მიზნით“, -განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს ესაუბრა სასამართლო პროცესებზე იმ ბრალდებულ პირებთან მიმართებაში, რომლებზეც უკვე დადგა სასამართლო განაჩენი.

„დღეს, როდესაც დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც დგას სასამართლო განაჩენი, იბარებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს და უსვამენ კითხვებს, რომლებიც უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია სასამართლომ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე გააკეთა განცხადება თვენახევრის წინ და იგი არ ყოფილა დაბარებული უმალვე, დაიბარეს გარკვეული პერიოდის შემდგომ, როდესაც მან გააკეთა განცხადება, რომ მიდის საქართველოს ფარგლებს გარეთ და სურს სიმართლე ევროპის დონეზე გაიტანოს. ამის შემდგომ იბარებენ, კითხავენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, თითქოსდა მას მართლა რაღაც განზრახვები ჰქონდა, თუმცა ჩვენ ამაზე არაერთი განმარტება გავაკეთეთ და თვითოვე იცოდნენ, რომ ეს იყო არასერიოზული, ემოციური განცხადება.

ამის გარდა იხსენებენ იმ საქმეს, რომელზეც უკვე სასამართლო განაჩენი დგას.

ხდება საზოგადოების ცნობიერებაზე ზუსტი მუშაობა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი გაიგივებული იქნას პირებთან, რომლებიც კავშირში იყვნენ ახმედ ჩატაევთან და სხვა პირებთან.
ყველა ეს დაბარება ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაუკავშირონ ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათთან კავშირებს, რათა არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან მისი მხარდაჭერა და უმთავრესად მის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასაპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შსს-მ ბრძანება გამოსცა