მიმდინარე თვეს სასურსათო ამანათები დედაქალაქში, რუსთავსა და სენაკში მცხოვრებ დევნილთა განსახლების რამდენიმე ცენტრს მიეწოდა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთათვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, კვლავ აქტიურად განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას. ქველმოქმედება უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, საკუთარი ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაღებული სახსრებით და უმაღლეს საბჭოში მოქმედი ფონდის – „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.
ამ მხრივ ივლისის თვე განსაკუთრებით დატვირთული აღმოჩნდა. უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები საქველმოქმედო მისიით და აფხაზეთის მკვიდრ თანამოქალაქეებთან შეხვედრებისათვის სხვადასხვა რაიონს ეწვივნენ.
სოციალური სოლიდარობის ნიშნით, სასურსათო პაკეტები, თავდაპირველად, რუსთავის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში, კერძოდ, მე-12 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთ ჩაუტანეს. ამანათები, უპირველესად, გადაეცათ ომის ვეტერანებისა და სოციალურად დაუცველების ოჯახებს.
სასურსათო პროდუქტებით აფხაზეთიდან დევნილ 25-მდე ოჯახს გაეწია დახმარება აგრეთვე თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ღოღობერიძის ქუჩის N-3-ში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებთ.
ამ დღეებში კი აფხაზეთის უმაღლესი წევრები სენაკის რაიონში არსებულ დევნილთა კომპაქტური განსახლების რამდენიმე ობიექტს ეწვივნენ, მათ შორის, წლების წინ, საქვეყნოდ აღიარებულ მენჯის ყოფილ საკურორტო დასახლებას, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.
პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებს – ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელებს, შშმ პირებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა თემურ მჟავიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა გადასცეს.
გარდა ამისა, გაიმართა მსჯელობა რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაზე ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.
შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, ქ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი ესწრებოდნენ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისის თვეში დახმარება 150 ოჯახს უკვე გაეწია.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტმა საქართველოს ელექტრონული კომერციის სექტორზე კვლევა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაAgile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოშია