13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების ნაწილში პრინციპული სიახლე ფიქსირდება – აქუბარდია სუს-ის ანგარიშს აფასებს

პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია სახელწმიფო უსაფრთხოების 2025 წლის ანგარიშს აფასებს.

“რამდენადაც სუს-ის ანგარიშს წლებია ვაანალიზებ, წელს ტრადიცია არ დავარღვიე და გიზიარებთ ოკუპაციის თავის შეფასებას, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ანექსიური პროცესების მიმოხილვა კვლავ ცენტრალურ ადგილს იკავებს, თუმცა მასში რამდენიმე პრინციპული სიახლე და აქცენტების საგულისხმო გადანაცვლება ვნახე, რომელთა ნიველირებასაც ჩემი აზრით უწყება მიზანმიმართულად ცდილობს. მით უფრო იმ კონტექსტის გათვალისწინებით, როცა მიუხედავად 2020-2024 წლების სამთავრობო პროგრამით მოცემული პირობისა, რომ ქვეყნის დეოკუპაციისთვის „საერთო ეროვნული ხედვა“ შემუშავდებოდა, 2024 წელს, ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ, ეს პირობა სამთავრობო პროგრამიდან საერთოდ ამოიღეს.

შესაბამისად ამ პოლიტიკური განაცხადის და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანების სტრატეგიული ხედვის ამგვარი დეფიციტის ფონზე, სუს-ის ახალი ანგარიში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს იმის შესახებ, თუ რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ის რუსეთის მხრიდან ფორსირებული ანექსიის საფრთხეს და რამდენად სასიცოცხლოა პოლიტიკის ხედვა ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნისთვის ამ მხრივ.

ანგარიშის ოკუპირებული ტერიტორიების თავში კვლავ მეორდება უწყების წინა წლის მიმოხილვა ანექსიისკენ მიმართული პროცესების შესახებ, თუმცა მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების ნაწილში პრინციპული სიახლე ფიქსირდება. კერძოდ, დოკუმენტში პირველად ჩნდება აქცენტი უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) გამოყენებაზე. ნათქვამია, რომ
საოკუპაციო ძალამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა პრაქტიკული ნაბიჯები:
• ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: გაიხსნა უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალიზებული საწვრთნელი ცენტრი;
• ოკუპირებული აფხაზეთი: დაწყებულია მუშაობა ანალოგიური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და ადგილობრივი დანაყოფების დრონებით აღსაჭურვად.
ეს სიახლე მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ნერგავს თანამედროვე ომის წარმოების იმ გამოცდილებას, რომელიც მან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიისას დააგროვა. საოკუპაციო ხაზთან მსგავსი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება უსაფრთხოების რისკებს თვისობრივად ახალ დონეზე წევს. წლების წინ ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში კი გვპირდებოდა პოლონეთთან ერთად დრონების ერთობლივი საწარმოს ამუშავებას, მაგრამ თავის ბიზნესის ამუშავებით იყო დაკავებული ბიუჯეტის ხარჯზე და ამ თემაზე ჩემი სადეპუტატო კითხვების მიუხედავად მმართველ პარტიას დიდი გარღვევა რომ არ ჰქონია იცით.
ანექსიისკენ მიმართული პროცესი
ანგარიშის თავი დეტალურად მიმოიხილავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მართვის სისტემაში შეტანილ ცვლილებებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს. სუს-ის შეფასებით, მისი როლი მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონების ადმინისტრაციული მართვით არ შემოიფარგლება — კირიენკო მიზანმიმართულად მუშაობდა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე, რათა „ანექსიისთვის ხელსაყრელი ნიადაგი“ მოემზადებინა.
პარალელურად, დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო კავშირების გაძლიერების ტენდენცია. ანექსიის პრაქტიკულ ნაბიჯებად არის დასახელებული კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები:
• მდინარე ფსოუზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ე.წ. გამშვები პუნქტის გაფართოება;
• როკის მონაკვეთზე, კერძოდ, ნიჟნი-ზარამაგის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის მარტში გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ფსოუზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ანგარიშში გამოკვეთილ საფრთხეებს.
სოხუმის აეროპორტის საკითხი: სუს-ის შეფასება vs რეალობა
ანგარიშში სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედება რუსეთისთვის ოკუპირებული აფხაზეთის კონტროლის დამატებით ბერკეტად არის შეფასებული, თუმცა აეროპორტის სამხედრო განზომილების შესაძლებლობას არც კი განიხილავს. სუს-ის მტკიცებით, აეროპორტის ამოქმედებით საოკუპაციო რეჟიმს არანაირი პოლიტიკური, თუ ეკონომიკური სარგებელი არ მიუღია. უწყება ამტკიცებს, რომ საკითხის აქტუალურობა ხელოვნურად ნარჩუნდება, არგუმენტად კი რუსეთის მხრიდან ფრენების სუბსიდირება მოჰყავს.
თუმცა, რეალური ფაქტები სუს-ის ამ ოპტიმისტურ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს:
• ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია: 3 აპრილს სერგეი კირიენკომ სოხუმში აეროპორტის ახალი ტერმინალი საზეიმოდ გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით მოდერნიზაციის შედეგად, ობიექტს უკვე შეუძლია საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი თვითმფრინავების მიღება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი.
• პოლიტიკური მნიშვნელობა: სუს-ის დასკვნის საპირწონედ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამ ობიექტს „ქვეყნების გამაერთიანებელ“ და „განვითარების ახალ ჰორიზონტად“ მოიხსენიებენ.
ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის მოდერნიზაცია: ლოკალური შეკეთება თუ მასშტაბური პროექტი?
საოკუპაციო ხაზს მიღმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, სუს-ის ანგარიში მხოლოდ ოჩამჩირის რკინიგზის სადგურთან მისასვლელი ლიანდაგების „კონკრეტული სეგმენტის“ შეკეთებაზე მიუთითებს. თუმცა, რეალური სურათი გაცილებით მასშტაბურ სამუშაოებზე მეტყველებს.
10 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდა:
• ლიანდაგების განახლება: შეიცვალა 300 მეტრი ლიანდაგი და დაიგო 200-ზე მეტი რკინაბეტონის შპალი;
• კომპლექსური რეაბილიტაცია: მიმდინარეობს სადგურების, მიმღები-გასასვლელი ლიანდაგების, გვირაბების, ხიდებისა და გადასასვლელების შეკეთება.
სამუშაოების ოფიციალურ მიზნად ინფრასტრუქტურის ახალი მატარებლებისთვის მომზადება სახელდება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზირებაზე განაცხადი იყო, რკინიგზის ამგვარი მოდერნიზაცია, სატრანზიტო პოტენციალთან ერთად შესაძლოა, სამხედრო-ლოგისტიკური დანიშნულებითაც იყოს გათვლილი. ანგარიშში ამ მასშტაბის უგულებელყოფა კიდევ ერთხელ მიუთითებს საფრთხეების არასათანადო შეფასებაზე.
ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ ფაქტებზე ადეკვატური შეფასება მოახდინოს, ანგარიშში მოვლენის მნიშვნელობის დაკნინება ხდება. მსგავსი მიდგომა კი ვერ პასუხობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებს.
ანგარიშში ანექსიურ ჭრილშია გაანალიზებული მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენელთა ინტენსიური ვიზიტები კრემლში. დოკუმენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები „ორმაგი მოქალაქეებისთვის“ რუსული პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემის გამარტივებულ წესს. სუს-ის შეფასებით, ამ დოკუმენტების უშუალოდ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემა მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების სამართლებრივ გათანაბრებას რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან, რაც ანექსიის პროცესის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.
ანგარიშში ასევე განხილულია ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მუდმივი ბაზირების ინიციატივა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლება და აღნიშნავს, რომ პორტში ფლოტისთვის ე.წ. მატერიალურ-ტექნიკური პუნქტი აშენდება. ეს მიდგომა საგულისხმოა გასული წლის ანგარიშის ფონზე (რომელსაც ანრი ოხანაშვილი აწერდა ხელს), სადაც სუს-ი ვარაუდობდა, რომ ოჩამჩირეში მიმდინარე სამუშაოები მხოლოდ საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობას უკავშირდებოდა. ამრიგად, წლევანდელი ანგარიშით ფაქტობრივად დასტურდება, რომ პორტის დანიშნულება თავიდანვე სამხედრო იყო და არა სამოქალაქო-კომერციული, როგორც ეს მანამდე იყო წარმოჩენილი.
რუსიფიკაცია და საინფორმაციო ექსპანსია
ანგარიშის დასკვნით ნაწილში ანექსიის ხელშემწყობ მექანიზმებად კვლავ რუსიფიკაციისკენ მიმართული „საგანმანათლებლო პროექტები“ არის განხილული. დოკუმენტში ხაზგასმულია მათ შორის:
• ზეწოლა პედაგოგებზე: ოკუპირებულ გალში ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები კვლავ სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებიან;
• საინფორმაციო იზოლაცია: რუსული მედიაპროექტების მეშვეობით საოკუპაციო ძალა ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს ადგილობრივ საინფორმაციო სივრცეზე, რაც მიზნად ისახავს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შეუფერხებელ გავრცელებას.
• ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთი ამ პროცესებს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს, პარალელურად კი ხელსაყრელ დროს ელოდება ანექსიისთვის საბოლოო საფუძვლის მოსამზადებლად.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეთანხმებას რუსეთის „როსგვარდიასთან“. სუს-ის შეფასებით, ეს დოკუმენტი კრემლს მოქმედების არეალს უფართოებს და აძლევს ლეგალურ ბერკეტს, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირ ჩაერიოს ოკუპირებული ტერიტორიის შიდაპოლიტიკურ პროცესებში. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ეს ჩართულობა გადამწყვეტი ინსტრუმენტია ადგილზე სრული კონტროლის დასამყარებლად. იქვე აღნიშნულია, რომ ანალოგიური შეთანხმების გაფორმება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „როსგვარდიას“ შორის გასულ წელს ჩაიშალა, რაც ადგილობრივი ოპოზიციური ძალების მძაფრმა წინააღმდეგობამ განაპირობა.
საოკუპაციო რეჟიმების ფინანსური სუბსიდირება
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული რეჟიმების ბიუჯეტების სუბსიდირება. მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა და რუსეთის წინაშე არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა, დაფინანსების ზრდა ანრი ოხანაშვილის ანგარიშთან შედარებით ორივე მიმართულებით მკვეთრია:
• ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი: რუსული სუბსიდია 69.8 მილიონი აშშ დოლარიდან 118.6 მილიონამდე გაიზარდა (მატება: $48.8 მლნ).
• ოკუპირებული აფხაზეთი: გასულ საანგარიშო პერიოდში არსებული 36.6 მილიონი აშშ დოლარი 97 მილიონამდე გაიზარდა (მატება: $60.4 მლნ).
ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების შენახვასა და იქ საკუთარი გავლენის განმტკიცებას კვლავ პრიორიტეტულად მიიჩნევს და რესურსებს არ ზოგავს ანექსიური პროცესების ფინანსური მხარდაჭერისთვის.
საოკუპაციო ხაზზე არსებული დინამიკა: დაკავებები და ბორდერიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება ანტიდასავლური რიტორიკითა და ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხებით გამოიხატება, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება არ გაუმჯობესებულა. პირიქით, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები კვლავ მზარდია.
უკანონო დაკავებები და პატიმრობა:
-საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეთა დაკავების მაჩვენებლები წინა საანგარიშო წელთან შედარებით ჯამში გაიზარდა:
• ცხინვალის რეგიონი: დაკავებულთა რაოდენობა 36-დან 34-მდე შემცირდა.
• აფხაზეთის მიმართულება: დაკავებულთა რაოდენობა კი 37-დან 40-მდე გაიზარდა.
-განსაკუთრებით საგანგაშოა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების რაოდენობის ზრდა. თუ წინა საანგარიშო პერიოდში ტყვეობაში 11 მოქალაქე იმყოფებოდა, მიმდინარე წელს მათმა რიცხვმა 15-ს მიაღწია. სუს-ის შეფასებით, პატიმრობის ვადების გახანგრძლივება საოკუპაციო ძალის მიერ თბილისზე პოლიტიკური ზეწოლის პირდაპირი ინსტრუმენტია.
უკანონო ბორდერიზაცია
უკანონო ინსტალაციების მოწყობის (ე.წ. ბორდერიზაციის) შემთხვევები გასული წლის ანგარიშთან შედარებით ჯამში 13-ით გაიზარდა:
• ცხინვალის რეგიონი: დაფიქსირდა 55 შემთხვევა (გასულ წელს — 44).
• აფხაზეთის მიმართულება: დაფიქსირდა 3 შემთხვევა (გასულ წელს — 1).
ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალები აგრძელებენ „მცოცავი ანექსიის“ პოლიტიკას და არ ამცირებენ წნეხს საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური თუ საგარეო ცვლილებებისა.
გადაადგილების შეზღუდვა და ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი
საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების მუშაობა კვლავ შეზღუდულია. თუმცა, წინა წლის დოკუმენტთან შედარებით, ანგარიშში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ფიქსირდება:
• წინა წლის ანგარიში: სუს-ი ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას პირდაპირ უკავშირებდა საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნას — გაუქმებულიყო სოფელ ჩორჩანაში მდებარე ქართული საგუშაგო.
• მიმდინარე ანგარიში: ჩორჩანას საგუშაგოსა და საოკუპაციო რეჟიმის ამ მოთხოვნაზე ჩანაწერი დოკუმენტიდან სრულიად გამქრალია.
ეს ცვლილება, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული. საგულისხმოა, რომ ანგარიშიდან ამ თემის ამოღება ემთხვევა პერიოდს, როდესაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღნიშნული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალია წარდგენილი. ამდენად, ფაქტობრივი მოცემულობის ნაცვლად (მოთხოვნა საგუშაგოს აღებაზე კვლავ არსებობს), სუს-ის ანგარიში, როგორც ჩანს, პოლიტიკურ კონიუნქტურას მოერგო.
დეზინფორმაციული კამპანიები: თრუსოსა და ღუდოს ხეობები
საგულისხმოა კიდევ ერთი ცვლილება: წინა ანგარიშისგან განსხვავებით, ახალ დოკუმენტში აღარ გვხვდება ჩანაწერი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ თრუსოსა და ღუდოს ხეობებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ( ტერიტორიულ პრეტენზიებზე). შარშანდელ ანგარიშში სუს-ი პირდაპირ აღნიშნავდა, რომ ამ თემით მანიპულირება მიზნად ისახავდა:
• ხეობების კონფლიქტის ნაწილად ქცევას;
• საქართველოს აგრესორ სახელმწიფოდ წარმოჩენას.
მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმს ამ მიმართულებით დეზინფორმაცია არ შეუწყვეტია, უწყებამ წელს ეს საკითხი ყურადღების მიღმა დატოვა, რაც აჩენს კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საფრთხეების თანმიმდევრული შეფასების შესახებ.
ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც „სატრანზიტო დერეფანი“:
ანგარიშის ეს ნაწილი ეხება საოკუპაციო ძალების მცდელობას, ოკუპირებული რეგიონები ე.წ. სატრანზიტო ჰაბად წარმოაჩინონ. სუს-ი ამ საკითხს მხოლოდ სოციალურ ქსელებში პროპაგანდისტულ სპეკულაციად განიხილავს და მაგალითად ოკუპირებულ გალში „სატრანზიტო ტერმინალის“ მშენებლობის გეგმები მოჰყავს.
რეალურად, ვითარება გაცილებით კომპლექსურია:
• დაგვიანებული რეაგირება: მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მედიაში გალის ტერმინალის მშენებლობის კადრები ჯერ კიდევ 2023 წელს გავრცელდა, ოფიციალური თბილისი 2025 წლის დეკემბრამდე დუმდა. „ქართულმა ოცნებამ“ საკითხს ყურადღება მხოლოდ მას შემდეგ დაუთმო, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ლოგისტიკური კომპანიის დირექტორმა მშენებლობის დასრულებაზე განაცხადა და გეგმები საჯაროდ დაადასტურა.
• სტრატეგიული საფრთხე: პროექტი ითვალისწინებს ტერმინალის რკინიგზით დაკავშირებას ოჩამჩირის პორტთან და შემდგომ მის ინტეგრირებას საერთაშორისო სატრანზიტო ქსელში (რუსეთის მიმართულებით) დანარჩენი საქართველოს გავლით.
• პოლიტიკური შანტაჟი: სუს-ის მცდელობა, ეს პროცესი მხოლოდ „სპეკულაციად“ მონათლოს, აკნინებს რეალურ საფრთხეს. რუსეთი ამ პროექტს თბილისზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს, რათა აიძულოს საქართველო, აღიაროს ოკუპირებული რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობა“ და ხელი მოაწეროს „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას“, რაც ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია.
სუს-ის მიერ საკითხის ამგვარი გამარტივება აცდენილია სუვერენიტეტის დაცვის იმ პოლიტიკას, რომელიც რუსული აგრესიული პოლიტიკურ-ეკონომიკური პროექტების საპირწონედ უნდა მოქმედებდეს. მაშინ, როცა კრემლი ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას პოლიტიკური ანექსიის იარაღად იყენებს, უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ფაქტების მხოლოდ ‘სპეკულაციად’ მონათვლა ასუსტებს ქვეყნის პოზიციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ეროვნულ ინტერესებს.
აქვე, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2008 წლის ომის დაწყება წინა ხელისუფლებას დააბრალა და არა აგერსორ რუსეთს, სუს-ის ანგარიში სხვა ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, დოკუმენტში საუბარია საოკუპაციო ძალის მცდელობაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში რუსეთის ნაცვლად მხარედ მარიონეტული რეჟიმები წარმოაჩინოს. ამ მიზნის მისაღწევად საოკუპაციო ძალა აქტიურად იყენებს:
• „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების“ ხელმოწერის მოთხოვნას;
• ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის წინ წამოწევას.
ნიშანდობლივია, რომ ანგარიშში „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე“ აპელირება მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმების ინიციატივად არის წარმოჩენილი. დოკუმენტი დუმს რუსეთის ფედერაციის როლზე, რომელიც გასულ წელს ამავე მოთხოვნას კიდევ უფრო ინტენსიურად და აგრესიულად აჟღერებდა.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე მოკლე შეჯამება: არანაირი სუვერენიტეტის დამცველი “ქართული ოცნება” არ არის ამ პირობებში ხედვის და პოლიტიკის არარსებობის და დასავლელი პარტნიორებისგან დისტანცირების პირობებში!”_ წერს თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში..

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ აფრთხილებს სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას, არ დაბრუნდნენ სოფლებში
შემდეგი სტატიასიონის ტაძარში კობახიძე, ყაველაშვილი, პაპუაშვილი და “ოცნების” სხვა წევრები მივიდნენ