საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას 28 საწარმო ახორციელებდა. მათ მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით (243.4 მლნ კუბ.მ) 6.2%-ით მეტია.
მიუხედავად ზრდისა, ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის კუთხით გამოწვევები კვლავ დიდია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სტატისტიკური სურათი ასე გამოიყურება:
წყალმომარაგება: სისტემაზე მიერთებული იყო 2.87 მილიონი ადამიანი (მოსახლეობის 72.8%), რაც წინა წელთან შედარებით 2.9%-ით მეტია. შესაბამისად, მოსახლეობის 27.2% ქსელის მიღმა რჩება.
წყალარინება (კანალიზაცია): საკანალიზაციო ქსელზე მიერთებულია 2.06 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 52.3%), რაც წინა წლის მაჩვენებელს (2 მილიონი) 3.0%-ით აღემატება.
ჩამდინარე წყლების გაწმენდა: გამწმენდ ნაგებობებზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.64 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 41.6%), რაც წინა წელთან შედარებით 3.1%-იანი ზრდაა.















