ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ციფრულ სივრცეში ფინანსური სექტორის კონტროლის ფარგლებში ვირტუალური აქტივის (კრიპტოვალუტის) მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა.
ბრალდებული ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე, ონლაინპლატფორმის გამოყენებით ახორციელებდა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას — ახდენდა ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას, რითაც ხელს უწყობდა ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ფინანსური ნაკადების მოძრაობას. მან მილიონობით ლარის ტრანზაქცია შეასრულა.
ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ნაღდი ფული, ფულის მთვლელი აპარატები, კომპიუტერები, 8 მობილური ტელეფონი, ათეულობით საბანკო და სიმ-ბარათი. გამოძიება სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (3 წლამდე პატიმრობა). საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას გადასახადებისთვის თავის არიდებისა და ფულის შესაძლო გათეთრების ფაქტებზე.

















