“მილიონი კი არა სამი მილიონი რომ დარგონ, არ ეყოფა ქალაქს”

“საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძის განცხადებით, ქალაქს მხოლოდ მილიონი ხის დარგვა აღარ ეყოფა.

ჩხობაძემ „პირველ პრესკლუბში“ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის და ლისის მიდამოებზე, ხეების მასიურად გახმობის გამო, ქალაქს გაზაფხულზე ხეების გარეშე დარჩენის საშიშროებას ემუქრება.

“საბუთებით და დოკუმენტაციით, გარეუბნებში ნამდვილად არის ნახევარ მილიონამდე ხე დარგული, მაგრამ პრობლემა დგას იმაში, რომ მილიონი ხე არ ეყოფა ამ ქალაქს, რადგანაც მთლიანად გადახმა მთაწმინდა, ლისის მიდამოები და ქალაქი გაზაფხულზე აღმოაჩენს, რომ საერთოდ ხის გარეშეა დარჩენილი. ამას მილიონი კი არა სამი მილიონი რომ დარგონ, არ ეყოფა. მეორე პრობლემა ისაა, დარგული ხეები გაიხარებენ თუ არა. ასევე, პრობლემაა თავად ნერგი. ვინმემ დაადგინა, რა უნდა იყოს გამწვანებაში? სახეობრივი შემადგენლობები ბოლომდე არ არის განსაზღვრული. მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებითაც ხარვეზებია, რადგანაც ქალაქის გამწვანების სამსახურს მხოლოდ 2 მანქანა ჰყავს. გასაგებია, დავრგეთ ეს ხეები, მერე ვედროებით უნდა ვირბინოთ, თუ რა ვქნათ?“ – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მანვე ყურადღება ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო და წყლის სისტემების საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა.

როგორც ჩხობაძემ განმარტა, 8 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მერის მიერ 1 წლიანი მუშაობის შემაჯემაბელ შეხვედრაზე, მათ ვერ მიიღეს პასუხი, თუ როგორ იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო და წყლის სისტემის პრობლემის მოგვარება.

“შემოერთებულ ტერიტორიებზე არსად არ არის ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემა. ესაა ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი თემა, რომელიც ქალაქს უნდა ჰქონდეს გადაჭრილი. იქ არამხოლოდ საკანალიზაციო სისტემა, არამედ წყლის სისტემაც პრობლემატურია. ვიმედოვნებთ, რომ ახალ გენ. გეგმასთან დაკავშირებით, ეს საკითხები გადაწყვეტილი იქნება“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ „პირველ პრესკლუბში“.

banner
წინა სტატიაშიგორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო
შემდეგი სტატია“პრეზიდენტიც უნდა დაიკითხოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრიც”