მილიონი ხელმოწერის შეგროვება – 21 პოლიტიკური პარტია საბოლოო სტრატეგიაზე შეთანხმდა

ნიკა მელია

ოპოზიცია მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს იმისთვის, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. 21 პოლიტიკური პარტია საბოლოო სტრატეგიაზე შეთანხმდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მიმართავენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა სამართლიანია.

ოპოზიცია ითხოვს, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება უნდა გაუქმდეს არა 2024 წელს, არამედ 2020 წელსვე. ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ, რომ პირველ რიგში, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებაა, ამისთვის საჭირო 200 ათასი ხმა შეაგროვოს, თუმცა ოპოზიცია ასევე გეგმავს, რომ ხელმოწერების რაოდენობა მილიონამდე გაზარდოს, რადგან ხელისუფლებას არ დარჩეს არგუმენტი, ხალხის აზრს უარი უთხრას.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, მათ შორის ისინიც, ვინ გამარჯობას არ ვეუბნებოდით გუშინწინ ერთმანეთს. მხოლოდ ივანიშვილს სურს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება. იმიტომ, რომ მილიონერი მაჟორიტარების იმედი აქვს და წარმოიდგინეთ, ეს სისტემა რომ გაუქმდეს, რაც მოუწევს მილიონი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ივანიშვილი არის საფრთხის წინაშე, რომ მილიონერი მაჟორიტარები მას დაუპირისპირდებიან. ამის გაკეთება მას არ უნდა. მთავარი, ხალხს არ უნდა მაჟორიტარული სისტემა. რამდენი კვლევა ჩატარებულა, უმრავლესობა ამბობს, რომ არ ვიცი, ვინ არის ჩემ მაჟორიტარი. 4 წელიწადში ერთხელ გამოანათებენ, დახარჯავენ 10-15 მილიონ ლარს და მორჩა. ხალხს არ უნდა და ამის დასადასტურებლად, ჩვენ მილიონ ხელმოწერას დავდებთ,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

ხელმოწერების დაწყებამდე ოპოზიციას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თანხმობა სჭირდება. ოპოზიცია გეგმავს, რომ კომიტეტის ხვალინდელ სხდომას დაესწროს.

„იმ ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან, რომელშიც საქართველო შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა მთავრობამ, გამოსავალი არის მხოლოდ ერთადერთი, რომ არჩევნები ჩატარდეს სისტემით, რომელიც გამორიცხავს რომელიმე, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ერთპიროვნულ მმართველობას. ასეთი არის პროპორციული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეთ არა როდისღა, 2024 წელს, არამედ ახლა, უახლოესი არჩევნებისთვის, იქნება ეს 2020 წელს, თუ იქამდე ვადამდელი,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – მიუნხენის კონფერენციას მაქსიმალურად გამოვიყენებთ
შემდეგი სტატიალადო ბედუკაძესა და ჩხუბში მონაწილე მეორე პირს, დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული