20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

მილიარდზე მეტი ოქროში – თურნავა რეზერვების კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2025 წლის წლიური ანგარიში ხმათა უმრავლესობით (78 მომხრე, 8 წინააღმდეგი) დაამტკიცა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მთავარი ფინანსური მაჩვენებლები წარადგინა, სადაც ყველაზე ხმაურიანი ქვეყნის ოქროს რეზერვების შესახებ გაკეთებული განცხადება აღმოჩნდა.

თურნავას თქმით, 2025 წელს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 1,710.7 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ 6,159.3 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა, მთავარი აქცენტი ეროვნული ბანკის მიერ შესყიდულ ოქროზე გაკეთდა, რომელიც ამჟამად მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს და სებ-ი მის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

„რაც შეეხება შესყიდულ ოქროს — იგი ამჟამად რეზერვების 16.4%-ს, ანუ 1.06 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მომდევნო პერიოდში უნდა გაიზარდოს. აღნიშნული საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიანი რეზერვების 25%-ია. შესაბამისად, სებ-ი განიხილავს, დამატებით შეისყიდოს დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების რეზერვები“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს ქვეყანაში ძლიერი ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნდა, რეალური მშპ-ის ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-იან ნიშნულზე დარჩა. თურნავას ანგარიშის წარდგენას დეპუტატებს შორის მწვავე კითხვა-პასუხი მოჰყვა, თუმცა მმართველმა გუნდმა დოკუმენტი საბოლოოდ მაინც დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაში“ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს!”- სააკაშვილი ოპოზიციას გეგმის არქონის გამო აკრიტიკებს
შემდეგი სტატიასაია: “გავრილოვის ღამის” საქმე მსოფლიოს 25 გამორჩეულ გადაწყვეტილებაში შევიდა