“მიკროავტობუსში შეგვიყვანეს და იქ გვცემეს” – აქციაზე დაკავებულები

13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა რამდენიმე პირმა დღეს დილით იზოლატორი დატოვა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელები მათ სასტიკად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც არაერთი დაზიანება მიიღეს.

“წინ ვიდექი, ერთმა სპეცრაზელმა მომქაჩა და შემითრია. კოლიდორი გაგვატარეს და საშინლად გვირტყეს. შემდეგ, მიკროავტობუსში შეგვიყვანეს და იქ გვცემეს. ჩემთან ერთად 1 ამერიკელი, 1 რუსი და 6 ქართველი იყო”. – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე მთავარ არხთან საუბარში.

სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე, ლუკა გვაზავა.

“ხალხი მომაწვა, წავიქეცი და უცებ შემათრიეს, მირტყეს, გამლანძღეს. სადღაც 7 ადამიანი კუთხეში დაგვაყენეს და გვირტყეს, შემდეგ კი კარგად ნაცემები მანქანაში ჩაგვსვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგვიყვანეს. ამათ სიბოროტეს საზღვარი არ აქვს”. – ამბობს ლუკა გვაზავა.

კიდევ ერთი დაკავებული მოქალაქე, კახა კვეკვესკირი ამბობს, რომ სპეცრაზმელების ცემის შედეგად არაერთი დაზიანება მიიღო.

“რომ შემათრიეს, იქ საშინელება იყო, ასეთი რამ მე არ მინახავს. მთელი ტანი დაბეჟილი მაქვს, სიარული მიჭირს, მუხლიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მაქვს. ასევე, ცალ თვალში ვერ ვიხედები”. – თქვა კვეკვესკირმა.

banner
წინა სტატიაშიIBSU: გრძელდება სასწავლო პროცესი, ხელს შევუწყობთ სტუდენტებს გაცდენილი კომპონენტების აღდგენაში
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ევროპის დედაქალაქი არის სწორედ თბილისი და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად