მიხეილ სარჯველაძე – ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს, 2024 წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მილიონ ლარს

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.

„ონკოლოგიის დაფინანსებაზე 2012 წლის განმავლობაში დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით: 2019 წელს – 36 მლნ ლარი; 2020 წელს – 39 მლნ ლარი; 2021 წელს – 123 მლნ ლარი; 2022 წელს – 143 მლნ ლარი; 2023 წელს – 174 მლნ ლარი. წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა. საკანონმდებლო ორგანოში მიხეილ სარჯველაძემ დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება
შემდეგი სტატიადომაგო იურიევიჩი: ქართული მობილური ბაზრის კვლევა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩავატარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ის არაკონკურენტულია და რეგულაციას საჭიროებს