მიხეილ სარჯველაძე: „ბავშვის უფლებათა კოდექსმა ერთმნიშვნელოვნად გაზარდა ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტი მთელი ქვეყნის მასშტაბით”

„ყველას, და არა მარტო ბავშვებს, ვულოცავ ბავშვთა საერთაშორისო დღეს და განსაკუთრებით, უკრაინელ ბავშვებს, რადგან უკრაინელი ბავშვები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და დღეს ეს მთელი კაცობრიობის გამოწვევად იქცა“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მიხეილ სარჯველაძემ ბავშვის უფლებათა კოდექსზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველა გამოწვევაზე, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა იმ დროისთვის, როცა ამ კანონის მიღებაზე დაიწყო პარლამენტმა მუშაობა, ყველაფერზე პასუხია ამ კანონში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, უპირველესი ამოცანაა აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მეტი პოპულარიზაცია და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ამ მიმართულებით.

„უმნიშვნელოვანესია ის სტანდარტები, რომელიც ამ კანონმა შემოიტანა კონვენციის კვალდაკვალ. მართლაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში ბავშვების ჩართულობა უნდა იყოს მოაზრებული როგორც აუცილებელი კომპონენტი და არაფრით არ შეიძლება იყოს დასაშვები დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროში მიდგომა, როდესაც მშობელმა უკეთ იცის, ბავშვს რა უნდა. ამ კოდექსმა შემოიტანა, ასევე, ინდივიდუალიზებული მიდგომა, რომელიც ყველაზე ახლოსაა და ესადაგება იმას, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, კოდექსმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობა უფრო ფოკუსირებული და კოორდინირებული იყოს და მეტი პერსპექტივები გააჩინოს ცალკეული პრობლემების გადასაჭრელად. მისივე განცხადებით, სიახლეები, რომელიც ამ კანონმა მოიტანა, მოითხოვს კვალდაკვალ სიარულს, როგორც ფინანსური ასევე ადამიანური რესურსების – ადამიანური კაპიტალის მობილიზებას.

„კოდექსმა ერთმნიშვნელოვნად გაზარდა ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, თვისებრივი სიახლეა ამ თვალსაზრისით. არსებობს გამოწვევები და კარგია, რომ ამ გამოწვევებს ვხედავთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – ბავშვის უფლებები საქართველოში – ძირითადი გამოწვევები და განხორციელებული ღონისძიებები.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა – დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის – პოდოლიაკი (ფოტოები)
შემდეგი სტატიანიკა ობოლაძე – ნიკა მელია არის საკმარისად აქტიური, იმდენად, რამდენადაც ვართ ჩვენც, მთელი პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება