მიხეილ სარჯველაძე – ადრე თუ გვიან, პარლამენტში ვიხილავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მანდატი აქვს მინიჭებული

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, სწორი მიდგომა არ არის ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ რომელიმე ინიციატივასთან დაკავშირებით. სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებმაც მანდატები მიიღეს, საპარლამენტო საქმიანობაში სრულად უნდა ჩაერთონ.

„რომელიმე კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით რომელიმე ოპოზიციური პარტია თუ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას და პარლამენტში შემოსვლას, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომა არ არის. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც მანდატი აქვს, უნდა მონაწილეობდეს მთლიანად საპარლამენტო საქმიანობაში. არ მგონია, თანმიმდევრული ლოგიკა იყოს, რომ ასე გამოყოფილად, რომელიმე ინიციატივასთან დაკავშირებით მონაწილეობას მიიღებს და ზოგიერთთან მიმართებაში – არა. მათი მოვალეობაა, მონაწილეობდნენ საპარლამენტო ცხოვრებაში და ის მანდატი, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭათ, სრულფასოვნად უნდა ხორციელდებოდეს.

დღეს, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტიისგან ვხედავთ საპირისპირო მიმართულებას, მაგრამ მსგავსი ინიციატივები, რომლის მიზანიც არის, გარკვეულწილად მოხდეს მათი მანდატებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, კარგი პროცესი და ყველა შემთხვევაში სწორი მიმართულებაა. ადრე თუ გვიან, პარლამენტში ვიხილავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მანდატი აქვს მინიჭებული. ეს არის სწორი, ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. რაც შეეხება საკითხს უშუალოდ შემოთავაზების შინაარსთან დაკავშირებით, ამას შემოთავაზებას ვერ დავარქმევდი, ვინაიდან მაინც განიხილება საკმაოდ დიდი ხანია. არ არსებობს ერთი უნივერსალური წესი, რომელიც ყველა შემთხვევაში სასარგებლო მოდელად შეიძლება ჩაითვალოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

დეპუტატის განმარტებით, ნულიდან 3 პროცენტამდე ბარიერთან დაკავშირებული საკითხი ალბათ განსახილველია, ისევე როგორც სხვა საკითხი.

„ყველა საკითხს, ბუნებრივ ბარიერსაც და 3 პროცენტიან ბარიერსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეეები, ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ ამაზე სრულფასოვანი დისკუსისია წარიმართოს. სრულფასოვნებაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, ყველა შუქ-ჩრდილი იყოს გაანალიზებული, რათა სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, თუმცა განიხილება ბუნებრივი ბარიერის საკითხიც, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტი ალბათობით შემოღებადი ვარიანტი. ვნახოთ, დისკუსიები აჩვენებს, რომელი იქნება ყველაზე ოპტიმალური და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მხოლოდ ერთი ხედვა არ იქნება საკმარისი და შეთანხმება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, შეთანხმება, რომელიც იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული და ყველასთვის მისაღები“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ვირუსის ბლოკატორები