მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეფასება, თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს, სიცრუეა

შეფასება, თითქოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს, სიცრუეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“.

სარჯველაძის თქმით, პრეზიდენტი თუ იმას გულისხმობს, რატომ არ იყენებენ უმრავლესობის წარმომადგენლები უცენზურო სიტყვებს, ეს არ არის სწორი საუბარი. მისივე თქმით, სხვა არაფერი დაეწუნება ქართული ხელისუფლების რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის კრიტიკა მისაღები არ არის. პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ საკითხებზე თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, აღმოვაჩენთ, რომ დასაბუთების კუთხით ძალიან უჭირს. როცა საუბარია არმუშაობაზე, პრეზიდენტი ხან ამბობს, რომ მუშაობა აწი უნდა დავიწყოთ, ხან მოთხოვნაა, რომ ამ მუშაობაში ჩართული იყოს. დაახლოებით იგივეა საგარეო მიმართულებითაც. უმჯობესია, პრეზიდენტმა ისაუბროს კონკრეტულ გაუკეთებელ ღონისძიებაზე ან მოქმედებაზე, რომლის შეუსრულებლობამაც შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ასეთ ვერაფერს აღმოვაჩენთ. ხელისუფლების მიმართ კრიტიკა დასაბუთების თვალსაზრისით მოიკოჭლებდა. ისე წარმოჩინდა, თითქოს ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი არ არის რუსეთის მიმართ, რაც არის ტყუილი, ეს არ არის სწორი შეფასება, ან შეიძლება პრეზიდენტი არაჯეროვნად არის ინფორმირებული. ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლებლობა იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მიღებული ყველა გადაწყვეტილების მონაწილე ყოფილიყო საქართველო, რაც უმნიშვნელო ფაქტორი არ არის.

რაც შეეხება შეფასებებს, მკვეთრი შეფასებები იყო გაკეთებული, როცა საუბარია ომზე, ოკუპაციაზე. არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დაგვეკლო. პრეზიდენტი თუ იმას გულისხმობს, რატომ არ ვიყენებთ უცენზურო სიტყვებს, ეს არ არის სწორი საუბარი. სხვა არაფერი დაეწუნება ქართული ხელისუფლების რიტორიკას რუსეთთან მიმართებაში. შეფასება იმის თაობაზე, თითქოს ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს ხელისუფლება, სიცრუეა.

როცა მეგობრებთან გვაქვს დისკუსია მეგობარ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები იყოს და ამ განსხვავებული მოსაზრებების ჩამოყალიბება შეიძლება საჯარო სივრცეშიც გამოვიდეს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რიტორიკა ანტიდასავლურია. საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით ღირებულია დასავლეთთან და ევროპასთან ურთიერთობა, სადაც საკითხების უდიდეს უმრავლესობაზე ერთგვაროვანი ხედვაა. არის ცალკეული განსხვავებული, რაზეც დაუფარავად არის დისკუსია ამ თემებზე, რაც არ შეიძლება, ანტიდასავლურ რიტორიკად ჩაითვალოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე ზურაბიშვილზე: განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი – საკომიტეტო მოსმენებში მუშაობას ვაპირებთ, რაც შეეხება სხვა ფორმატებს, ევროპარლამენტარების სურვილია, ჩავერთოთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ამაზე იმსჯელებს