მიხეილ სააკაშვილმა „ვივამედში“ გადაყვანაზე დღეისთვის უარი თქვა – ნაყოფია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის კობა ნაყოფიას თქმით, სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი თქვა. ამის შესახებ ნაყოფიამ ჟურნალისტებს საპატიმროში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

უფრო კონკრეტულად კი კობა ნაყოფიას მტკიცებით, საუბარია არა სამკურნალოდ, არამედ გამოკვლევების მიზნით გადაყვანაზე.

კობა ნაყოფიას თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ უნდა გადაიყვანონ, სიმართლეს არ შეესაბამება და დასძენს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან, მან განმარტა „ვივამედში“ გადაყვანაზე თუ რატომ თქვა უარი სააკაშვილმა.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მასთან საუბარი გვქონდა იუსტიციის მინისტრის შეთავაზებასთან დაკავშირებით, მას უკვე აცნობეს სანამ მე შევიდოდი, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი, უბრალოდ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის საუბარი მის მკურნალობაზე, საუბარია მხოლოდ გამოკვლევებზე ანუ მას შესთავაზეს, რომ „ვივამედში“ გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან დააბრუნებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

თან შესთავაზეს, რომ ეს დღეს მომხდარიყო, რაზედაც სააკაშვილმა უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში, როდესაც მას შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ოჯახის წევრებს. სწორედ ამის გამო მოუწია მას ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს შეთავაზება ეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას, არანაირ მკურნალობასა და გადაყვანაზე საუბარი არ არის. ის ექიმების რეკომენდაციას უსმენს, მე გაოცებული ვარ იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებით, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის სიცრუე. ძალიან დიდი სხვაობაა საკვებს არ იღებს და საკვებს ვერ იღებს შორის“, – აცხადებს კობა ნაყოფია.

banner
წინა სტატიაში30 UNDER 30 • Forbes Georgia-ს ახალგაზრდული სამიტი და დაჯილდოების ცერემონია თიბისი კონცეპტში გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, მადლობა პრემიერს სამუშაოს წარმატებული გაძღოლისთვის, იმედი მაქვს, ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს – პაპუაშვილი